რამაზ საყვარელიძე: რადგან ესა თუ ის ძალა ოთხი წელია, მართავს ქვეყანას, მხოლოდ ოთხწლიანი გეგმა უნდა წარადგინოს? – პრემიერის გეგმა პრინციპულად დადებით კონტექსტად მიმაჩნია

“რადგან ესა თუ ის ძალა ოთხი წელია, მართავს ქვეყანას, მხოლოდ ოთხწლიანი გეგმა უნდა წარადგინოს? პრემიერის გეგმა პრინციპულად დადებით კონტექსტად მიმაჩნია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოთხწლიანი საქმიანობა გრძელვადიან კონტექსტში რომ ჩაეწეროს, სწორედ გრძელვადიანი გეგმაა მოსამზადებელი.

,,პრემიერმა ათწლიანი გეგმა წარმოადგინა, რაზეც ოპოზიციამ ჩვეულებას არ უღალატა და იღლიცინა. არადა, ჩვენი უბედურება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები მოკლევადიანი ცნობიერებით მოქმედებენ. რადგან ესა თუ ის ძალა ოთხი წელია, მართავს ქვეყანას, მხოლოდ ოთხწლიანი გეგმა უნდა წარადგინოს? სინამდვილეში, ოთხწლიანი საქმიანობა გრძელვადიან კონტექსტში რომ ჩაეწეროს, სწორედ გრძელვადიანი გეგმაა მოსამზადებელი. სხვა შემთხვევაში, ოთხი წლის გეგმა არაფრისმომცემი იქნებოდა. ამიტომ, ეს გეგმა პრინციპულად დადებით კონტექსტად მიმაჩნია. ყველა გრძელვადიანი გეგმა გვკარნახობს კონკრეტულ ნაბიჯებს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ სტრუქტურებში. შესაბამისად, ყველა გრძელვადიანი გეგმა გვკარნახობს, იქნება ეს დემოკრატიის ხარისხი, ეკონომიკა თუ სოციალური პროქტები, სამოქმედო გეგმას, რომელიც დროთა განმავლობაში ზუსტდება, იხვეწება და კონკრეტდება, მაგრამ თავიდან არ დაიწერება. შევთანხმდით იმაზე, რომ საგარეო გეზი არ გადაიხედება… ,,ნაციონალების” ხელისუფლებაში მოსვლის ალტერნატივა კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რადგან თავად გააქრეს – 2012 წლის შემდეგ იმას ,,მიაღწიეს”, რომ არათუ თავად ვერ დაბრუნდებიან, ქართულ პოლიტიკაში რადიკალური ძალა ვერ შემოვა და თავს ვერ დაიმკვიდრებს”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგმა გახარიასა და სააკაშვილის სავარაუდო შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკულ სინამდვილეში გახარიასთან უფრო წონიანი პოლიტიკური ფიგურები მიდიოდნენ, ვიდრე, თუნდაც, მელიასთან შეხვედრაზე, რაც უნდა უჭირდეს ამის აღიარება და ცდილობდეს, მისი პოლიტიკური გარღვევა რაღაც შარჟებით გადაფაროს.

,,ვერსია, რომ ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც ვაშინგტონია, ერთ სასტუმროში როგორ მოხვდებოდნენ სააკაშვილი და გახარია, ცოტა უსაფუძვლო მგონია. ასევე, დიდი ქალაქია მოსკოვიც, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ქართველებიც ხშირად ხვდებოდნენ სასტუმრო ,,როსიაში”, რადგან იქაურობა უბრალოდ მისაღები იყო მათთვის. კიდევ ერთი, შესაძლოა, მან, ვისი ორგანიზებითაც იმართებოდა ეს ღონისძიება, ყველა ერთ ადგილას მიიწვია. კონსპირაციული შეხვედრა რომ ნდომოდათ, სხვა ადგილს ვერ აარჩევდნენ? უფრო შეუმჩნეველი დარჩებოდნენ, რადგან იმ სასტუმროში თავმოყრილი იყო მთელი ,,ნაცმოძრაობა”. შესაძლოა, მართლაც იყვნენ ერთ სივრცეში, მაგრამ ამით დაინტერესებული პარტიის ვერსიები ჯერ შორს არის დამაჯერებლობისგან.

ამ ეტაპზე ოპიზიციაც და მმართველი გუნდიც ამომრჩეველთა ხმების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ,,ნაციონალებს” ხანდახან ისევ მოუვლით ძველი ჟინი, ქუჩისკენ იქაჩებიან, მაგრამ არცერთი ოპოზიციონერი არ აჰყვა, რადგან მიხვდნენ, რომ ქუჩაში გატარებული ექვსი თვე მათ ავტორიტეტზე ძალიან ცუდად აისახა. ეს კი სწორედ საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა. მათი ეს ქმედება არც ქართველ საზოგადოებას მოეწონა და არც უცხოელებს. როდესაც უცხოელი პარტნიორების როლზე ვსაუბრობთ, ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გახარიას პოლიტიკური შეხვედრები.

ამერიკულ სინამდვილეში გახარიასთან უფრო წონიანი პოლიტიკური ფიგურები მიდიოდნენ, ვიდრე თუნდაც მელიასთან შეხვედრაზე, რაც უნდა უჭირდეს ამის აღიარება და ცდილობდეს, მისი პოლიტიკური გარღვევა რაღაც შარჟებით გადაფაროს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ რადიკალური ოპოზიციური გუნდები თავიანთი რადიკალური გამოსვლებით უკვე დრომოჭმულია. მათ არაერთხელ აჩვენეს, რომ ასეთ ძალებს აღარ უჭერენ მხარს და ორიენტაციას მათზე იღებენ, ვინც ნებისმიერ რამეზე ქუჩაში გამოვარდნას არ აპირებს. ასეთი რეალობის ფონზე უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ დასავლეთი მმართველ გუნდს უჭერს მხარს, მუდმივი შენიშვნების მიუხედავად”, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები