“როგორც ჩანს, “დირსის” მეპატრონეებმა ნაგვის უტილიზაცია ასეთი ფორმით მოინდომეს და ნაგავსაყრელზე ნაგავთან ერთად ძველი საბურავებიც დაწვეს. ამით სერიოზულად ბინძურდება გარემო”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კახიშვილი შესაბამის უწყებებს კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, “დირსის” ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც უკანონოდ აშენებული ცემენტის ქარხანა მდებარეობდა და რომლის დემონტაჟსაც ჩვენი მოთხოვნით მივაღწიეთ, ხანძარია. როგორც ჩანს, “დირსის” მეპატრონეებმა ნაგვის უტილიზაცია ასეთი ფორმით მოინდომეს და ნაგავსაყრელზე ნაგავთან ერთად ძველი საბურავებიც დაწვეს. ამით სერიოზულად ბინძურდება გარემო და ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
მოვუწოდებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, მიიღონ კანონით დადგენილი მკაცრი ზომები ტერიტორიის მეპატრონეების მიმართ გარემოს განზრახ დაბინძურების გამო და ამავდროულად ამ კომპანიას მოსთხოვონ წლების მანძილზე დაზიანებული გარემოს დროულად აღდგენა”,- წერს კახიშვილი.