კელი დეგნანი – მოსამართლეების დანიშვნაზე: პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ დააპაუზოს ეს პროცესი, ვიდრე არ ჩაატარებს ინკლუზიურ კონსულტაციებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული დისკუსიების შემდეგ უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე 19 აპრილის შეთანხმებით.
„ბოლო 25 წელია, საქართველოსთან ძალიან კარგად ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობაში. სწორედ ამიტომ ჩვენ მოხარულები ვიქნებით, ვნახოთ, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე 19 აპრილის შეთანხმებით. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ, რაზეც მოილაპარაკეს, მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის გაგრძელება, რაც საქართველოს სჭირდება, შეესაბამებოდეს იმ ვალდებულებებს, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია. მქონდა შესაძლებლობა, დღეს დილით ეს განმეხილა პარლამენტის თავმჯდომარესთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. 19 აპრილის შეთანხმებაში არის ძალიან კარგი საგზაო რუკა, რაც მოიცავს დანიშვნების დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე. შეთანხმება იყო მმართველი პარტიის და ოპოზიციის ლიდერების მიერ ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე დაპირება, ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესით, ეს ამ დრომდე არ მომხდარა.
სწორედ ამაზეა 19 აპრილის შეთანხმება. ახლა პარლამენტის ხელშია და მისი უფლებამოსილებაა, რომ დააპაუზოს ეს პროცესი, ვიდრე არ ჩაატარებს ინკლუზიურ კონსულტაციებს, რაც მათ ძალიან წარმატებით გააკეთეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.