გია აბაშიძე: პარლამენტში ახლახან შესული ბოროტი ჯამბაზების – “ნაცების” ფონზე, “ქართული ოცნება” საქმის მკეთებელ ძალად გამოიყურება
“ჩემი ღრმა რწმენით, “ქართულ ოცნებას” მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა 43 პროცენტის აღება და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
აბაშიძე ფიქრობს, რომ გიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველს წაართმევს, მაგრამ ხელისუფლებას ეს დიდ ზიანს ვერ მიაყენებს.
“მიუხედავად იმისა, რომ “მთავარი არხი” “ნაციონალური მოძრაობის” დეზინფორმაციული სტრუქტურა და მავნებლური ჭორების ბუდეა, მასთან და სხვა ნაცტელევიზებთან მმართველი გუნდის თანამშრომლობას მაინც დადებითად შევაფასებდი. სააკაშვილის მარიონეტი ტელეარხების პირდაპირ ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუები აუცილებელია, რათა ნაცსექტამ და მისმა მიმდევრებმა ცოტა ხნით მაინც მოისმინონ რეალური ფაქტები და განსხვავებული მოსაზრებები.
სხვა მხრივ, ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ ნაცტელევიზიების ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოჩენა ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას მოსპობს ან “ნაცსექტის” ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილს სააკაშვილის მხარდაჭერაზე ხელს ააღებინებს.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას 20 ივნისთან დაკავშირებით, მას არ უთქვამს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლა არ უნდა მომხდარიყო და ნაცებს პარლამენტში შესვლის საშუალება მისცემოდათ, მან უბრალოდ, აქციის დაშლის ფორმებზე ისაუბრა და განაცხადა – სპეცოპერაცია, ტექნიკური თვალსაზრისით, არასწორად იყო დაგეგმილიო. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პოლიტიკური შეფასება იყო და არა მგონია გახარიას ან შსს-ს მაშინდელი სხვა სხვა ხელმძღვანელების მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები დაიწყოს. სხვათაშორის, ირაკლი კობახიძის “მთავარ არხზე” სტუმრობა გახარიას მომხრეთა ნაწილმა “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” ალიანსად აღიქვა, რაც დიდი აბსურდია და იმედი მაქვს, გახარიას პარტიის წარმომადგენლები ამ აბსურდის ტირაჟირებას არ დაიწყებენ.
სრულიად ბუნებრივია, რომ “ქართულ ოცნებაში” გახარიას მიმართ მწვავე ნეგატიური განწყობა არსებობს, რადგან მან მშობლიური გუნდი ყველაზე კრიტიკულ მომენტში ყოველგვარი ლოგიკური დასაბუთების გარეშე მიატოვა.
მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნებისა” და გახარიას დაპირისპირება კონსტრუქციულობისა აზრთა ჯანსაღი ჭიდილის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. გახარიას პარტია არ უნდა დაემსგავსოს ნაცმოძრაობასა და მის ანასხლეტებს, რომლების ხელისუფლების მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებს ცოცხალი თავით არ აღიარებენ და მხოლოდ ცუდს ხედავენ. და კიდევ: გახარიამ “ნადირობა” არა “ქართული ოცნების” მომხრეების, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმებზე უნდა გამოაცხადოს.
ბუნებრივია, გახარია “ქართულ ოცნებას” გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველს წაართმევს, მაგრამ ხელისუფლებას ეს დიდ ზიანს მაინც ვერ მიაყენებს. ჩემი ღრმა რწმენით, “ქართულ ოცნებას” მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა 43 პროცენტის აღება და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდება.
მართალია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით, ხოლო შემდეგ გახარიას ყოვლად მოულოდნელი და დაუსაბუთებელი გადადგომით მმართველმა ძალამ სერიოზული რყევები განიცადა, მაგრამ მაინც ერთმანეთსდარეულ და კომიკურ მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციაზე ბევრად ძლიერია.
დიახ, პარლამენტში ახლახან შესული ბოროტი ჯამბაზების – “ნაცების” ფონზე “ქართული ოცნება” საქმის მკეთებელ ძალად გამოიყურება, ხალხს კი სწორედ საქმის კეთება სჭირდება და არა კარვობანა და მიტინგობანა, რის მეტსაც ოპოზიცია ვერაფერს სთავაზობს”, – განაცხადა აბაშიძემ.