გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნების” საშიში კონკურენტი არა “ნაცმოძრაობა” ან სხვა ოპოზიციური პარტიებია, არამედ გახარიაა, რომელსაც ხელისუფლების მომხრეთა ნაწილის თვალში დიდი პოლიტიკური წონა გააჩნია

“დღეს გახარიას მმართველი პარტიის სამობილიზაციო ელექტორატი თავის მხარეს გადაჰყავს და, შესაბამისად მის ხელშია ინსტრუმენტი, რომ “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებში 43 % ვერ აიღოს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს”,- ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებში 43-პროცენტიანი ბარიერი “აიკიდა” და დიდი ალბათობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც “გაიჩალიჩა”.

“სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდოდა, უფრო სწორად სანამ იტყოდა პოლიტიკიდან მივდივარო, “ქართული ოცნების” ამომრჩეველი ასეა თუ ისე, კონსოლიდირებული იყო, დღეს კი მმართველი პარტიის ამომრჩევლის დაყოფა მიმდინარეობს და კობახიძის მხრიდან გახარიას გაშავების არასერიოზული მცდელობებიც ამ პროცესის ნაწილია.

დღეს, “ქართული ოცნების” მთავარი და საშიში კონკურენტი არის არა “ნაციონალური მოძრაობა” ან სხვა ოპოზიციური პარტიები, არამედ გიორგი გახარიაა, რომელსაც ხელისუფლების მომხრეთა ნაწილის, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გარკვეული პროცენტის თვალში უფრო დიდი პოლიტიკური წონა გააჩნია, ვიდრე მმართველი პარტიის დღევანდელ ლიდერშიპს.

“ქართულ ოცნებას” მცდელობა ჰქონდა, გახარიასთვის სააკაშვილი “ჩაედო” და “ნაცმოძრაობასთან” კავშირში ემხილა, მაგრამ ეს რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელი აღმოჩნდა, ახლა კი კობახიძე და სხვები ცდილობენ, გახარიას თავიანთი ცოდვები, მათ შორის 20 ივნისის მოვლენები “ჩაუდონ”.

თუ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რაიმე სახის დანაშაულზე ან კომპრომატზეა საუბარი, ეს არა მხოლოდ გახარიას, არამედ მთელი “ქართული ოცნების” კომპრომატია. საერთოდ, “ქართული ოცნება” ვერ ყალიბდება, რაში უნდა დაადანაშაულოს გახარია. ჯერ იყო და ნეპოტიზმის თემის აგორება სცადეს, მერე კი არაპროფესიონალიზმი და ცუდი მენეჯერობა დააბრალეს – შს მინისტრობისას სპეცოპერაციებს ისე გეგმავდა, გული გვისკდებოდაო.

კი მაგრამ, თქვე კაი დედმამიშვილებო, თუ გახარია ასეთი არაპროფესიონალიზმი იყო პრემიერ-მინისტრად რატომღა დააწინაურეთ?

არათუ საზოგადოებასა და ოპოზიციაში, არამედ “ქართულ ოცნებაშიც” ბევრს ჰგონია, რომ ივანიშვილი და გახარია შეთანხმებულად “თამაშობენ”, მე კი გამოვრიცხავ, რომ გახარიას ოპოზიციურ ფლანგზე შემოსვლა ივანიშვილის პროექტია, რადგან ბიძინას კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ტიპის პროექტები მისი ხელწერა არ არის.

მიუხედავად ამისა, სრულიად შესაძლებელია, პოლიტიკური პროცესების განვითარებამ ივანიშვილისა და გახარიას თანამშრომლობა განაპირობოს.

დღეს გახარიას მმართველი პარტიის სამობილიზაციო ელექტორატი თავის მხარეს გადაჰყავს და, შესაბამისად მის ხელშია ინსტრუმენტი, რომ “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტი ვერ აიღოს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში გახარია ივანიშვილის სიტუაციური მოკავშირე გახდება, რადგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი გზა კოალიციური მტავრობის შექმნა იქნება, ასეთი კოალიციის შექმნა კი მხოლოდ გახარიასთან იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, გახარიას უმთავრესი ამოცანაა, ადგილობრივ არჩევნებამდე მაქსიმალური პოლიტიკური კაპიტალი აკრიფოს, რათა საჭიროების შემთხვევაში თავის “პოლიტიკურ მამასთან” – ბიძინა ივანიშვილთან წელგამართული მივიდეს და როგორც პარტნიორს, ისე დაელაპარაკოს. “ქართული ოცნების” ლიდერშიპს ამ სცენარის განვითარების ადრეც ეშინოდა და კობახიძე-მდინარაძე-ოხანაშვილმა გახარიას ამიტომაც მოუწყვეს პროვოკაცია, რომ მელიას დაკავებას უკავშირდებოდა.

“ქართული ოცნების” პოლიტიკურ ელიტას გახარიას მოშორება გადაწყვეტილი ჰქონდა და ხაფანგი დაუგეს. სავარაუდოდ, გეგმა ასეთი იყო: გახარიას აიძულებდნენ “ნაცმოძრაობის” ოფისში მელიას დაკავების სპეცოპერაცია ჩაეტარებინა, იქ კი რაღაც ისეთი მოხდებოდა რაც დიდ ხმაურს გამოიწვევდა და ამის ფონზე გახარიას, როგორც საბოლოოდ გაფუჭებული და უპერსპექტივო პოლიტიკოსს, თავიდან მოიშორებდნენ.

გახარია მიხვდა, რომ ხაფანგს უგებდნენ და დასწრებაზე ითამაშა. ხოლო “ქართულმა ოცნებამ” “ნაცმოძრაობის” ოფისში სპეცრაზმის შეყვანითა და მელიას ხმაურიანი დაჭერით დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. ვინ თქვა რომ მელია არ უნდა დაეკავებინათ?! ამას თვითონ გახარიაც არ ამბობს, უბრალოდ დაკავების ფორმაზეა საუბარი. განა, რამდენ ხანს უნდა მჯდარიყო იმ შენობაში – ერთი თვე? ორი თვე? გამოვიდოდა და წყნარად დაიჭერდნენ. რამე მოიგო ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირებით? პირიქით, პოლიტიკურად ყველაფერი წააგო. მელია ბევრის თვალში გმირად გამოვიდა, “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებში 43-პროცენტიანი ბარიერი “აიკიდა” და დიდი ალბათობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც “გაიჩალიჩა”.

შესაძლოა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა მართლა ძალიან უნდოდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ის ხელისუფლების პირდაპირი მართვიდან ხელისუფლების კონტროლზე გადავიდა და დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილი არცერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ბიძინასთან შეუთანხმებლად არ იღებს. თი ივანიშვილი დაინახავს, რომ “ქართული ოცნების” ძალაუფლებას საფრთხე ემუქრება, არათუ გამოჩნდება, შეიძლება, პირდაპირ მიტინგებზეც გამოვიდეს, რადგან მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნაა”,- განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები