სოზარ სუბარი: 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი ნამდვილად იყო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია
“მთელი საქართველო უყურებდა პირდაპირ ეთერში და ბევრიც იქ იყო და შეუძლებელია ამის სხვანაირად შეფასება, ეს იყო შტურმი პარლამენტზე, თავდასხმა კანონის დამცველებზე“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა 20 ივნისთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი ნამდვილად იყო, ხოლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია.
„მთელი საქართველო უყურებდა პირდაპირ ეთერში და ბევრიც იქ იყო და შეუძლებელია ამის სხვანაირად შეფასება, ეს იყო შტურმი პარლამენტზე, თავდასხმა კანონის დამცველებზე, ყველანი ვუყურებდით პირდაპირ ეთერში, როგორ სცემდნენ პოლიციელებს სხვდასხვა საგნებით, როგორ პირდაპირ იტაცებდნენ მათ რიგებიდან და როგორ იყო მცდელობა შეჭრილიყვნენ პარლამენტში. შტურმი იყო ნამდვილად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არ იყო, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხებია, მაგრამ ამ შტურმს ჰყავდა თავის ორგანიზატორები და შემსრულებლები. დღეს უბრალოდ, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაც ეს არის და სიტყვა-სიტყვითაც ეს წერია, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია პროცესის მონაწილე ყველა მხარეზე, როგორც შტურმის მონაწილეებზე და მათზე, ვინც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ისე იმ პოლიციელებზე, რომლებმაც გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას და ზოგ შემთხვევაში შეიძლება მართლა პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. ეს არ შეეხება სხეულის მძიმე დაზიანებას და კონვენციურ დანაშაულებს, როგორიცაა წამება ან წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას. ეს ფურცელი უნდა გადავფუცლოთ – ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება”,- განაცხადა სუბარმა.