საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებას საქართველოს საელჩო ეხმაურება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის (გ.ხ.) ინტერვიუ, რომელშიც იგი საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ საელჩო აქტიურად იცავს საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, საჭიროდ ჩავთვალეთ, დაინტერესებულ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საქმეზე.

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან (გ.ხ.), რომელთანაც სისტემატური კავშირი გვაქვს. მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა 18 ივნისს, რა დროსაც, ჩვეულებისამებრ, დავინტერესდით მისი მდგომარეობით. დაკავებულმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში ასევე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის საქმეზე, რომელთანაც მისი კავშირი დადასტურდა შესაბამისი ექსპერტიზით, უდანაშაულოა, და თვლის, რომ უსამართლოდაა დაკავებული.

საელჩოს მხრიდან მას განემარტა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ აღნიშნულ საქმეზე სიმართლის გარკვევაში და რომ მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს წყვეტს სასამართლო, სადაც მის ინტერესებს მისი ადვოკატი დაიცავს. სატელეფონო საუბრისას საქართველოს მოქალაქეს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება.

აღსანიშნავია, რომ საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავების მომენტიდან კომუნიკაციაში იმყოფება ასევე ათენის პოლიციასთან, სადაც განგვიმარტეს, რომ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე გ.ხ.-ს ბრალი არასდროს ჰქონია წაყენებული და ბრალი ედებოდა არალეგალურად ყოფნასა და დოკუმენტების გაყალბებაში და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით გამოიკვეთა მისი ბრალეულობა ათენში მცხოვრები 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის საქმეში, რასაც საბოლოოდ, ბუნებრივია, სასამართლო დაადგენს.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან მოპყრობის საკითხს, ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეს საელჩოსთვის არ განუცხადებია, თუმცა ჩვენ დავუკავშირდებით საბერძნეთის შესაბამის უწყებებს ამ ინფორმაციის გადამოწმების და რეაგირების მიზნით. სხვა მხრივ დაკავებულს არაერთხელ აღმოეჩინა დახმარება, სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ათენთან ახლოს ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს. პოლიციამ 20 წლის ქრაუჩის მკვლელობისთვის ბრალი მის ქმარს წაუყენა. 32 წლის ბაბის ანაგნოსტოპულოსმა ბრალი უკვე აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები