ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა – დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოსეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურისა და ევროკომისიის ერთობლივი დოკუმენტი წარადგინა, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობაში ბლოკის სტრატეგიაა მოცემული.

სტრატეგია სამ პრინციპს ემყარება: მოგერიება, შეკავება და ურთიერთქმედება.

ევროკავშირი აღნიშნავენ, რომ რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალსა და ეუთო-სა და ევროსაბჭოს საკვანძო პრინციპებს, რომელთა შესრულების პირობა დადო. იგი ცდილობს, გავლენა მოახდინოს, ჩაერიოს და დესტაბილიზაცია მოახდინოს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებში და პარტნიორ-ქვეყნებში, იყენებს პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების წინააღმდეგ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის შენარჩუნების მიზნით.

ამასთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტში შეყვანილია ჯერ კიდევ 2016 წელს დამტკიცებული ხუთი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობაში:

-მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულება, როგორც ძირითადი პირობა ევროკავშირში ურთიერთობების მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის;

-ურთიერთობების განმტკიცება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებსა და სხვა მეზობლებთან;

-ევროკავშირის მდგრადობის გაზრდა;

-რუსეთთან შერჩევითი ურთიერთქმედება ევროკავშირის ინტერესებში შესასრულებელ საკითხებზე;

-რუსეთში ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონტაქტების მხარდაჭერა;

ამ პრინციპების შესაბამისად, რუსეთის სტრატეგიულ გამოწვევაზე პასუხის გასაცემად, ევროკომისია და ევროკავშირის მაღალი წარმომადგენელი გამოდიან წინადადებით, რომ ევროკავშირმა ერთდროულად მოიგერიოს, შეაკავოს და ურთიერთქმედებაში იყოს რუსეთთან.

მოგერიება

ევროკავშირი გააგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირებასა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმებზე. ევროკავშირი გააგრძელებს საუბარს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის სისტემატურ დარღვევებზე უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაადასტურებს უკრაინის მხარდაჭერასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს გულისხმობს იმას, რომ მოხდება მოწოდება რუსეთისადმი, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარემ და მთლიანად შეასრულოს მინსკის შეთანხმებები.

ევროკავშირი გააგრძელებს სათანადო რეაგირებას რუსეთის მთავრობის მავნე მოქმედებებზე, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების ჩათვლით და შეეცდება, შეზღუდოს რესურსები, რომელთა გამოყენებითაც რუსეთის მთავრობამ შესაძლოა, მავნე საგარეო პოლიტიკა განახორციელოს.

შეკავება

სტრატეგიაში მოცემულია რუსეთის საფრთხეებისა და მუქარის შემცველი ქმედებების უფრო სისტემური და კოორდინებული შეწინააღმდეგება, თანაც – კოორდინაციის უზრუნველყოფით თანამოაზრეებთან, როგორებიც არიან ნატო და G7.

ევროკავშირმა უნდა განავითაროს კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობები. ევროკავშირი გააგრძელებს თავისი შესაძლებლობების განმტკიცებას ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგოდ და უკეთ გამოიყენოს გავლენათა ბერკეტები, რომლებიც ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადასვლის გულისხმობს.

ევროკავშირი გააძლიერებს აღმოსავლეთის პარტნიორების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.

ურთიერთქმედება

საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით, ევროკავშირს სურს, რუსეთი ჩართოს რამდენიმე საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში, როგორიცაა პანდემიის დაძლევა, კლიმატის ცვლილების მოგვარებასა და სხვა გარემოსდაცვით საკითხებში.

სტრატეგია გვთავაზობს მთავრობასთან უფრო მეტ ტექნიკურ ურთიერთობას ეკონომიკურ საკითხებზე.

ევროკავშირი გააფართოებს ხალხთან კონტაქტებს ადამიანებს შორის, რაც შეიძლება, შეიცავდეს სავიზო რეჟიმის გამარტივებას რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის და გააძლიერებს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერას.

ევროკავშირი ასევე თვლის საჭიროდ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას არქტიკაში “ჩრდილოეთ განზომილების” ფარგლებში, კონფლიქტების პრევენციისა და რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე – ირანიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ავღანეთამდე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისკენ.

წარმოდგენილ დოკუმენტს 24-25 ივნისს ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები