„ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ დირექტორ მერაბ ლომინაძის კუთვნილ “ფეისბუქის” ანგარიშზე „ნენსკრაჰესის“ აშენების საწინააღმდეგო პოსტი იყო გაზიარებული.
ამავე პროფილზე ასევე გაზიარებული იყო მასალები, რომლებსაც საქართველოში ანტითურქული განწობების გასაღვივებლად იყენებენ. ყველა ეს პოსტი 2018 წლით თარიღდება – იმ პერიოდით, როდესაც „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი ჯერაც არ იყო დადებული.
„ნეტგაზეთთან“ საუბარში ლომინაძე ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგი, თურქეთი საქართველოს ყველაზე სტაბილური პარტნიორია. “ფეისბუქი” სამ-ოთხჯერ გაუტეხეს და ეს პოსტებიც, სავარაუდოდ, იმდროინდელია.
„არა ნენსკრაჰესს“
,,ფეისბუქზე” მერაბ ლომინაძის კუთვნილ ანგარიშზე („ბიკო ლომინაძე“) 2018 წლის 7 ივლისს საჯაროდ არის გაზიარებული მომხმარებლის, ხათუნა (ხათო) ვიბლიანის პოსტი „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ. პოსტში, რომელსაც თან ერთვის 42-წამიანი ვიდეო, სადაც დაჩეხილი ხეები ჩანს, ვკითხულობთ:
„გაჩეხილი, განადგურებული, უზარმაზარი ტერიტორია მემულში ნენსკრაჰესის მშენებლობისთვის
#არა ნენსკრა ჰესს
#არა დიდ ჰესებს სვანეთში
#No Dams [ანუ, „არა ჰესებს“]“
პოსტზე ერთი ფეისბუქმომხმარებელი უწერს: „მერე გვიკვირს ღვარცოფი და მეწყერი“, რაზეც პასუხობს:
„ეგრეა. ხშირად ჩვენ თვითონ ვიზამთ რაღაც სისულელეს და მერე შედეგი გვიკვირს“!
ამჟამად, ლომინაძის ანგარიშზე გაზიარებული ეს პოსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის.
„ფეისბუქი” გამიტეხეს“ – ლომინაძე
„ნეტგაზეთი“ ამ პოსტებთან დაკავშირებით დაუკავშირდა მერაბ ლომინაძეს, რომელიც ამბობს, რომ მისი “ფეისბუქგვერდი” 3-4-ჯერ გატეხეს:
„არ ვეწინააღმდეგებოდი [ნენსკრას]. ჩემი ფეისბუქგვერდი რამდენჯერმე იქნა გატეხილი. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში სამი ჰესი არის, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს: „ხუდონი“, „ნამახვანი“ და „ნენსკრა“. ამ სამი პროექტის გარეშე ვერც ენერგოსისტემას და ვერც ეკონომიკას ხვალინდელი დღე ვერ ექნება“.
კითხვაზე, როდის გაუტეხეს ფეისბუქი, პასუხობს, რომ „არაერთხელ, რადგან ეტყობა, ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ვერ გეტყვით, შეიძლება, მაგასთან იყოს ეგ დაკავშირებული“…
„თუ ვიღაცამ გატეხა, რაღაც დადო და მე აღარ მივაქციე ყურადღება…“
კითხვაზე, აცნობა თუ არა შსს-ს ანგარიშის გატეხვის შესახებ, თქვა, რომ არავისთვის არაფერი უცნობებია: „მეგობრებმა აღმიდგინეს ყველაფერი“.
„არც ნენსკრაჰესის, არც ნამახვანჰესის და არც ხუდონჰესის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვყოფილვარ“, – ამბობს იგი.
თურქოფობიური პოსტები
ლომინაძის პროფილზე 2018 წლის 25 ივლისს გაზიარებულია პოსტი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს ციტირებს და სადაც წერია:
„საქართველოში 311 მეჩეთი მოქმედებს, თურქეთში კი არცერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის“.
2018 წლის 25 ივლისს ამავე პროფილს გაზიარებული აქვს ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც თურქეთის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის, აჰმედ დავითოღლუს კომენტარია, რუსული დუბლირებით. რუსული ვერსიით, დავითოღლუს ტექსტი [რომლის ანალოგიური ქართული თარგმანი „ობიექტივზეც“ გადიოდა] ასეთია:
„გასული საუკუნე ის გვერდია, რაც გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზსა და ბათუმს შორის. ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით, არავისთან არ ვიომებთ. საზღვრებსაც პატივს ვცემთ. ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს ქვეყნები სრულიად სხვა ქვეყნებია. მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზი იყვნენ ერთი ქვეყნის, ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. ვამბობთ რა ამას, ჩვენ ვიღებთ მათ გამოწვევას, რომლებიც ცეცხლს გაგვიხსნიან, ბრალს დაგვდებენ ნეოოსმანიზმში, მაგრამ თუ ასეა, ისინი, რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა, რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად?“
„არავინ მაგას [ჩემს თურქოფობობას] არ დაიჯერებს“ – ლომინაძე
ლომინაძე ამბობს, რომ თურქეთი დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში ყველაზე საიმედო პარტნიორია და იმეორებს, რომ ფეისბუქი გაუტეხეს:
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თურქეთი არის საქართველოს ყველაზე სტაბილური პარტნიორი. 90-იანების დასაწყისში თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, ვინც გადაამზადა ქართველი სამხედროები. დღევანდელი თურქეთი, ჩემი აზრით, ძალიან განსხვავდება იმ ისტორიული თურქეთიდან, რომელიც შეიძლება, ჩვენ ყველას გვახსოვდეს ისტორიულად. მე მიმაჩნია, რომ თურქეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. ერთადერთი ქვეყანა მთელ სამეზობლოში, რომელთანაც დემარკირებული გვაქვს საზღვარი და სადავო ტერიტორიები არ გვაქვს. დღეს თურქეთი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა. ეს ის ორგანიზაციაა, სადაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ შევიდეთ“.
ლომინაძე ასევე ამბობს:
„ახლა რაც უნდა მომაბათ მე, რომ თურქოფობი ვარ, — იმდენი მეგობარი მყავს არასაქმიან სფეროში თურქეთში, იმდენჯერ ვარ იქ ჩასული და ჩამოსული, — არავინ მაგას არ დაიჯერებს. იმდენი მუსლიმი მეგობარი მყავს, ვისთანაც ბევრ დროს ვატარებ, რომელსაც ვერავინ ვერ დაიჯერებს იმას, რომ თქვენ მე რაღაც მომაბათ“;