„ყოველი დღე საოცარია ჩვენს სახელოსნოში“ – ქართული ორიგინალური ხელნაკეთები, გაცოცხლებული ხე და „წალდუნას“ უსაზღვრო ფანტაზია

სამი წელია ინტერნეტსივრცეში პოპულარობით სარგებლობს ხელოვნებისა და ხელნაკეთი აქსესუარების გვერდი – „წალდუნა“, რომელიც მომხმარებელს ყოველ ჯერზე ორიგინალურ  სიახლეებს სთავაზობს.
თითეულ ნივთ წყალგამძლე საღებავით, შაბლონის და თარგის გარეშე, ხელით იხატება. ასე ცოცხლდება  ფიჭვის, კაკლის, ნაძვის მასალა, გამოუსადეგარ ხის ფესვებ და უბრალო ხის ნაჭრებიც კი.
„წალდუნას“ მიღმა ერთი ხელოვანი ოჯახი დგას, რომელიც დიდი შრომითა და საქმის სიყვარულით ემსახურება ამ ლამაზ საქმეს.
ხელოვანი და აქსესუარების ავტორი ოთარ მუნჯიშვილია, გვერდის მენეჯმენტის საქმე კი მეუღლეს – მაია მეზვრიშვილს აბარია.
დამიჯერეთ, წალდუნას ფანტაზია საზღვრებს სცდება და ერთი მიმართულებით შაბლონურად არ მუშაობს. ყოველი დღე საოცარია ჩვენს სახელოსნოში“, – ამბობს ქალბატონი მაია.

– თქვენი  მეუღლე ოთარ მუნჯიშვილი ხელოვანია, ხეზე მუშაობს და საინტერესო ხელნაკეთებს ქმნის… გვიამბეთ მეუღლეზე, შემდეგ ერთობლივ იდეაზე, რამაც  წალდუნა • tsalduna   დაბადა.
– მე და ოთომ უკვე ცხრა წელია შევქმენით ოჯახი და ერთად დავიწყეთ თანაცხოვრება… მთელი ეს პერიოდი, რაც მას ვიცნობ, სულ ძიებაშია და სულ რაღაც საინტერესოს ქმნის, არასდროს არის კმაყოფილი და ცდილობს, ყოველ ჯერზე მეტი აღფრთოვანება გამოიწვიოს ნებისმიერმა აქსესუარმა თუ ნახატმა.
უამრავი სამსახური გამოიცვალა და არსად თავს ისე კომფორტულად არ გრძნობს, როგორც თავის პატარა სახელოსნოში, თავის უცნაურ, საინტერესო იდეებთან. სწორედ ამიტომ შევთავაზე გვეცადა ფოტოების ინტერნეტში განთავსება ჯერ საკუთარ პროფილზე, მაინტერესებდა, როგორი შეფასება მოჰყვებოდა მეგობრებისგან და ნაცნობებისგან.
ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია – ყველას ყველაფერი უნდოდა.
სახელი მარტივი საინტერესო და სახასიათო გვინდოდა. ოთოს ბავშვობის ზღაპარი – „ჩიტი და მელა“ გაახსენდა – ,,ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოსა წალდუნასა”. რადგან ჩვენც ხეზე ვმუშაობთ, ამიტომ ვიფიქრეთ „წალდუნა“, თუმცა ხეს არ ვჭრით, მხოლოდ მეორადი მასალით, მეგობრების ნაჩუქარი ხის ფესვებითა და მასალით იქმნება ხელნაკეთები.
– უკვე სამი წელია თქვენ და თქვენს მეუღლეს ინტერნეტში გახსნილი გაქვთ გვერდი „წალდუნა“, რომლის პროდუქცია არის მხოლოდ – ქართული ხელნაკეთები, პროდუქცია 100 პროცენტით ნატურალური მასალით დამზადებული
– 2018 წლიდან შევქმენით გვერდი და დავიწყეთ აქტიური მუშაობა, მანამდე ოთოს ჰქონდა გამოცდილება – ხელოვანია და ბავშვობიდან ხატავს, ხეზე მუშაობს და საინტერესო ნივთებს ქმნის. ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს ნებისმიერი დიზაინის აქსესუარებზე, სასურველი წარწერით, ფორმითა და ფერებით ვუმზადებთ.
ყველაზე ხაზგასასმელი რაც არის, ოთოს არანაირი იარაღი არ აქვს, ყველაფერი  ხელით მუშავდება.
ჩემი ძირითადი საქმე მენეჯმენტს ეხება, ანუ გვერდის აქტივობას, შეკვეთის გაფორმება, გაგზავნა, მომხმარებელთან ურთიერთობა მე მაბარია. ამასთან, მეუღლეს  ნივთების გაპრიალებასა და შეღებვაშიც ვეხმარები.
მომხმარებელი ყოველთვის სიახლის ძიებაშია, საინტერესო იდეებს გვაწვდიან და ჩვენ ვაცოცხლებთ მათ.
– გორის რაიონში გაქვთ პატარა სახელოსნო, სადაც მზადდება ხელით დამზადებული უნიკალური ნივთები – ნებისმიერი დიზაინის აქსესუარები, ქართული ხის თოჯინები, ხელნაკეთი თმის სამაგრების ახალი და განსხვავებული მოდელები, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით…
–  ფიზიკური პირი ვართ. საკუთარ სახლში გვაქვს პატარა სახელოსნო. მასალად  ვიყენებთ ფიჭვის, კაკლის, ნაძვის მასალას, გამოუსადეგარ ხის ფესვებს და უბრალოდ ხის ნაჭრებსაც სიცოცხლეს ვძენთ.
მეგობრები ზოგჯერ რაიმე განსხვავებული ფორმის ე.წ. კუნძსაც გვჩუქნიან და ასე იქმნება საოცარი ნამუშევრები. ოთო დაინტერესებულია „ვუდარტით“. რამდენჯერმე მტკვრის ნაპირიდან წყლიდან გამორიყული ჯოხებიც ავკიფეთ და დავამზადეთ სახლის დეკორაციები.
ბევრი რომ არ ვისაუბრო, დამიჯერეთ, „წალდუნას“ ფანტაზია საზღვრებს სცდება და ერთი მიმართულებით შაბლონურად არ მუშაობს. ყოველი დღე საოცარია ჩვენს სახელოსნოში.
– როგორ დამზადდა „ვაჟა-ფშაველა“?
– ჩვენი ნამუშევრები უცხო და განსხვავებულია. დამეთანხმებით, რაღაც სხვა ხიბლი და ელფერი აქვს, რაც იწვევს დიდ ინტერესს მომხმარებლის მხრიდან…
გვინდოდა ქართული ელემენტებიც შეგვეტანა, რატომაც არა! ვინ, თუ არა საოცარი ვაჟა. ოთომ ჯერ ხისგან ტანი გამოჭრა, შემდეგ – თავი და ერთი საღამო მის ხატვას და წვრილმან დეტალებს დაუთმო.
– ალბათ საინტერესო ამბებიც გაქვთ მუშაობისას?
– იყო ასეთი შემთხვევა – მომხმარებელმა მოგვაწოდა ფოტო და გვთხოვა, რომ ძალიან სურდა,  დაგვემზადებინა კომპიუტერული თამაშის „ქრაშის“  ერთ-ერთი პერსონაჟის ნიღაბი – იგივე, ვიცი, ვერ იქნება, მაგრამ მსგავსი მაინცო, – გვთხოვა. სასწაული მოხდა და ოთომ იმაზე ბევრად მაგარი ნამუშევარი დადო, ვიდრე ადრესატი ელოდა… ამის შემდეგ დიდი მოთხოვნა წამოვიდა და იგივე უამრავი  ნიღაბი გავყიდეთ.
– თქვენს „წალდუნაში“ ყველაფერი მზადდება ხელით, ყოველგვარი ლაზერული ჭრის გარეშე, ნივთებიც იხატება ხელით და არ არის დაპრინტული… ანუ თითოეული ნივთი ორიგინალური და ძვირფასია… ალბათ დიდ დროსაც მოითხოვს მუშაობისას…
– საკმაოდ დიდი შრომის და მონდომების შედეგია თითოეული აქსესუარი. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ნაწილობრივ დაუფასებელია ქართული ხელნაკეთი ნივთები (თუმცა არიან საოცარი ადამიანები, ვისაც ესმით და აფასებენ, იმაზე მეტი გადაუხდიათ, ვიდრე გვითქვამს. ასეთებიც არიან).
–  ალბათ თქვენი სახელოსნოს მუშაობაში  მთელი ოჯახია ჩართული…
– მთელი ოჯახია ჩართული და, შეძლებისდაგვარად, ხელს გვიწყობენ ჩვენს პატარა საყვარელ საქმეში. ხელს გვიწყობენ ოთოს მშობლები, საოცარი ადამიანები, რომელთა წახალისება და გვერდში დგომა მნიშვნელოვანია, ასევე – ჩვენი შვილები. მართალია, ჯერ პატარები არიან, მაგრამ დიდ სტიმულს გვაძლევენ მუშაობაში.
უფროსი გოგონა 8 წლისაა და არაჩვეულებრივად ხატავს, ზოგჯერ გვეხმარება.
– თქვენი და მეუღლის ჰობი?
– ჩვენი ჰობი სწორედ ეს საქმიანობაა, რომელიც ახლა უკვე მცირე შემოსავლის წყაროდაც ვაქციეთ.
პანდემია და თქვენი საქმე… როგორ იმოქმედა კარანტინმა თქვენს მუშაობაზე – დადებითად თუ უარყოფითად?
– პანდემიის პერიოდმა დადებითად იმოქმედა ჩვენი საქმისთვის, ყველა შინ ვიყავით, ბევრი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, დროის გაყვანისა და გართობის მიზნით დავიწყეთ და უკვე სერიოზულ საქმეში გადაგვეზარდა. აღვნიშნავ იმასაც, რომ გორში გაიხსნა აქსესუარების არტსალონი Lava, შემოგვთავაზეს თანამშრომლობა და განათავსეს ჩვენი აქსესუარები. მადლობა მათ ნდობისა და დიდი პატივისცემისთვის.
– გამოფენები… სამომავლო გეგმები….
– ჩვენი ოცნებაა, რამდენიმე აუცილებელი იარაღი მაინც შეემატოს ჩვენს პერსპექტიულ სახელოსნოს, რათა კიდევ უფრო მოკლე დროში დავდოთ ეს შედეგი და უფრო კომფორტული გავხადოთ „წალდუნასთან“ თანამშრომლობა, გვქონდეს საკუთარი საკურიერო მომსახურება, ასევე დავასაქმოთ დაინტერესებული ნიჭიერი ხელოვანები, მოვიპოვოთ თუნდაც მცირე დაფინანსება როგორც „სტარტ აპმა“, ჩავერთოთ ქველმოქმედებაში…
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სიამოვნებით, სიყვარულით და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა შეკვეთას და აქამდე რაიმე უსიამოვნო ფაქტი არც გვქონია, მომხმარებელი კმაყოფილია და თუ რამე შენიშვნა აქვს, აუცილებლად ვითვალისწინებთ სამომავლოდ.
ყოველგვარი არეკლამირების გარეშე, საკუთარი ძალისხმევით, „წალდუნამ” 10 000 გამოწერა დააგროვა.
მადლობას ვუხდით მეგობრებს და ოჯახის წევრებს სტიმულისთვის. იმედი გვაქვს. უფრო დიდ ასპარეზზეც გავალთ…

თმის სარჭები

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები