სოზარ სუბარი: საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევი და დაჟინებული პოლიტიკით მიაღწევს იმას, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღდგენილი 

„საქართველო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს და თავსებადი ნატო-სთან, როგორც ახლა”,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევი და დაჟინებული პოლიტიკით მიაღწევს იმას, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღდგენილი.

„საქართველო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს და თავსებადი ნატო-სთან, როგორც ახლა. საქართველოში დემოკრატია არის ისეთ დონეზე, რომელიც არის ნატო-ს ბევრ ქვეყანაში და უფრო მაღალ დონეზეც, ვიდრე ნატო-ს ბევრ ქვეყანაში. საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს მისიებში უფრო მაღალია, ვიდრე ნატო-ს წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სამწუხაროდ, გლობალური თვალსაზრისით, რუსეთი ანგარიშგასაწევი მოთამაშეა. ამას მეტყველებს ის შეხვედრაც, რომელიც უახლოეს ხანში იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.

საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევი და დაჟინებული პოლიტიკით მიაღწევს იმას, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღდგენილი და რუსეთის დამპყრობლური ამბიციები იქნება შევიწროებული. რუსეთი წინააღმდეგი იყო, რომ აღმოსავლეთ ევროპა ნატო-ს წევრი გამხდარიყო, მაგრამ მაინც გახდა. შემდეგ ამბობდა, ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო ვერ გახდებოდა ნატო-ს წევრი, მაგრამ გახდნენ. ასეთი დღე დადგება, როცა საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან, უბრალოდ, დღევანდელი სამიტი არ არის გაფართოების, თუმცა მიღებული იქნება მნიშვნელოვანი დეკლარაციები, რომელიც ბუქარესტის სამიტზე დადებულ პირობას განამტკიცებს, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები