ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანის და ჰესის სამუშაო პროცესის შეჩერების საკითხს დააყენებენ
“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საკითხი, რასაც დღეს ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე დააყენებენ, რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა.
როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საკითხებს შინაარსობრივად არ განიხილავენ და მხარეები უბრალოდ დააყენებენ საკუთარ პოზიციებს, რის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელი იქნება პროცესის გაგრძელება.
„დღევანდელ დღეს აქვს ის მიზანი, რომ დავაყენოთ მხარეებმა ჩვენი პოზიციები და შემდეგ განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელება, ანუ მედიაციის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ჩვენი პოზიციები ვთქვათ”,- განაცხადა გოლეთიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი “ნამახვანიჰესის” პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს.
შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და “რიონის მცველების” წარმომადგენლები.