„ეს წიგნები არის ჩემი და ჩემი მეუღლის საჩუქარი – ქართველ პოეტებს“ – ინგლისურ ენაზე ამეტყველებული ქართული პოეზია, მოამაგე ქალბატონი და გზა – აფხაზეთიდან ბრიტანეთამდე…

აფხაზეთში გაატარა ბავშვობა და ახალგაზრდობა. სკოლაში კარგად სწავლობდა, პროფესიით ფილოლოგია, მოგვიანებით მას რელიაგათმცოდნეობა და ხელოვნებათცოდნეობა მიემატა.
მის მახსოვრობაში დიდ ტკივილად დარჩა ომი და მისი ოჯახის ტრაგიკული ბედი…
აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისში მუშაობდა, არ სურდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია სამშობლოს დატოვება.
ამჟამად ცხოვრობს დიდი ბრიტანეთში მეუღლესთან ერთად.
ახლახან გამოიცა მის მიერ  ინგლისურ ენაზე თარგმნილი ქართველ პოეტთა ლექსების კრებული – „სულიერი ხიდი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბეჭდა და „ამაზონზეა“ განთავსებული. გავრცელებულია 170 ქვეყანაში და წიგნის თაობაზე 30 000 ჟურნალისტია ინფორმირებული.
მალე მეორე პოეზიის კრებული „სევდისფერი მარგალიტი“ იხილავს დღის სინათლეს. ორივე წიგნი საკუთარი ხარჯებით გამოსცა.
ამბობს, რომ კრებულები მისი და მისი მეუღლის  საჩუქარია ქართველი პოეტებისადმი. – ფილოლოგისა და პოეტის მზია კვირიკაშვილი-ლოურენსის პერსონა.

– გულრიფშის რაიონიდან, დრანდიდან ვარ. იქ გავატარე ჩემი ბავშვობა და ყმაწვილქალობა. ბავშვობა უმძიმესი მქონდა – დედას ოთხი შვილი შევრჩით. უმამოდ გაგვზარდა. მუდამ გვენატრებოდა დედა, რომელიც სულ საშოვარზე იყო გასული. ერთმანეთზე ვზრუნავდით ბავშვები, ერთმანეთს ვზრდიდით. საინტერესო რა იყოო, მეკითხებით, – არც არაფერი. ერთი დღითაც არ მომენატრება უკან დაბრუნება, თუ არ ჩავთვლით დედის მონატრებას. ის პერიოდი მენატრება, როცა დედის გარშემო ვიყავით ოთხივე შვილი, მის ფრთებქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ზედმეტი შრომისგან დღე და ღამე არეული გვქონდა, როგორ ვახერხებდი, დღემდე მიკვირს, რომ სკოლაში კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. ვმონაწილეობდი ოლიმპიადებზე, ვითვლებოდი მხატვრული კითხვის დიდოსტატად და მუდამ მაჯილდოვებდნენ ქების სიგელებითა და დიპლომებით.
დავდიოდი პიონერთა სასახლეში ლიტერატურულ წრეზე. ჟურნალისტი და გაზეთ „დროშის“ რედაქტორი გივი რამიშვილი ხელმძღვანელობდა ჩვენს ჯგუფს. მე-8 კლასში პირველად გამოვაქვეყნე  მოთხრობა – „ნამდვილი მეგობარი“ ამავე  გაზეთში  და 2 მანეთი და 40 თეთრი გამომიწერეს, და, იცით? პური წავიღე სახლში ამ ფულით, რადგან პურის ფული ყოველთვის გვიჭირდა, და ღომი და მჭადი არ მიყვარდა.
რა დამავიწყებს დედაჩემის სიხარულს იმ დღეს? ისე კი არ დამკლებია  ცივი სახლი და სველი ფეხები, გაკვეთილების შემდგომ ძროხის საბალახოდ გაყვანა და გაკვეთილების მინდორში სწავლა. სიმინდის თოხნა, თამბაქოს პლანტაციები, და ვინც იცის, თუ რა სახის შრომასაც მოიცავს ეს საქმე, კი მიხვდება თუ როგორი იყო ჩემი ბავშვობა.
დედაჩემი – ტატიანა ბოჯგუა – სამამულო ომის მონაწილე იყო, 4 წელი იბრძოდა. ომის შემდეგ პედაგოგად მუშაობდა სოხუმში, ეს სანამ გათხოვდებოდა და სოფელში აღმოჩნდებოდა. შემდეგ კი სხვანაირად წარიმართა მისი ცხოვრება. დედის გვიანი შვილი ვარ. იყო უგანათლებულესი და უსათნოესი ქალი, თუ რამე  კარგი მაქვს,   დედისგან გადმომეცა.
ხელოვნებათმცოდნე და ფილოლოგი ხართ. სტუდენტობა და მაშინდელი მოგონებები…
– განათლებით ფილოლოგი ვარ – ბავშვობიდან ჟურნალისტიკაზე ვოცნებობდი. კი დავიწყე ჟურნალისტიკით, მაგრამ არ მომეწონა ეს პროფესია, არ იყო საჩემო. შემდგომი შეძენილი პროფესიებია რელიაგათმცოდნეობა და ხელოვნებათცოდნეობა.
სტუდენტობის დროს პარალელურად ვმუშაობდი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის სტამბაში. შედეგ – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თანამედროვე ილიაუნი) – თავიდან პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო შრომების გამომცემლობაში, კორექტორად. შემდგომ კი სხვადასხვა დროს – ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილში, რელიგიათმცოდნეობის კათედრაზე, და ბოლოს, ხელოვნებათმცოდნეობის კათედრაზე. 2001 წელს წამოვედი დიდ ბრიტანეთში.
როგორი დარჩა თქვენს მახსოვრობაში აფხაზეთი?
– აფხაზეთი? – გეტყვით და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა – კვირაში ერთხელ მაინც სატელიტით ვესტუმრები ჩემს სახლს, სადაც გავიზარდე, მოვივლი და მოვეფერები ხოლმე  ჩემი სახლის ნანგრევებს, ყოველ ხეს, ჩემს მახსოვრობაში რაც არის,  თორემ სადღაა ხეები? .. ჩემს დარგულ ყვავილებს…  დედას ბზა უყვარდა და  დავურგე ეზოში, სახლის წინ. გაიხარა. ხომ იცით, რასაც ნიშნავს დედისთვის ასეთი საჩუქარი?
დედა იტყოდა ხოლმე, მე რომ მოვკვდები, ამ ბზის ძირში ჩავსახლდები და იქიდან მუდმივად დაგიცავთო. მერე ისე მოხდა, რომ დედა აფხაზეთის ომის დროს იქ დარჩა, სახლს მაინც დავიცავო. სასტიკად აწამებდნენ თურმე. ფეხებზე თოკმობმულს მდინარე კოდორის ხიდიდან წყალში თავით უშვებდნენ, რომ გამოეტეხათ, თუ სად მალავდა ოქროს (რომელიც არასდროს ჰქონია) და სად მალავდა ქათმებს და კვერცხებს… ბოლოს, ერთ დღესაც  სასიკვდილოდ უცემიათ თავში და იქვე მეზობლის ღობესთან დაუგდიათ.
გადარჩა, 12 დღე მის სიკვდილს იქ ელოდნენ „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები, მაგრამ მერე თბილისში ჩამოიყვანეს, ცოცხალ-მკვდარი, აჩრდილს ჰგავდა, ორ სამყაროს შორის იყო უკვე, მიცვალებულებს ესაუბრებოდა. აქ არიანო, აგერ სხედანო, მე რომ მაჭმევთო, დაპატიჟეთო ისინიცო – წუხდა.  22 დღის შემდეგ ცოტათი გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან, ისე, რომ ფეხზე დადგომა შეძლო, ჩემს ძმას გარეთ გააყვანინა თავი, ქუჩაში,  მანქანა დაეჯახათ. იყო ხმები, რომ აფხაზეთიდან გამოჰყვნენ. ერთი წლის შემდეგ მისი მკვლელიც მოკლეს. აი, ასე იცის ომმა.
დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ხართ. მეუღლეც ბრიტანელია. როდის დატოვეთ აფხაზეთი?
– დიდი ბრიტანეთის და საქართველოს მოქალაქეც ვარ. არასდროს არ უარმიყვია საქართველოს მოქალაქეობა.
აფხაზეთის ომის დროს მე უკვე თბილისში ვმუშაობდი. ომის შემდგომ 10 წელი არც მიფიქრია არსად წასვლაზე, ეს ვერც კი წარმომედგინა. ვფიქრობდით, რომ რაღაც მაინც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, ველოდით. თქვენ იცით, ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ შიმშილით და უწამლობით გარდაიცვალა, რადგან ასე ადვილი არ აღმოჩნდა ახალ ცხოვრებაზე გადართვა.  ძველი გაცვდა, ახალს ვერაფერს ვერ ვიძენდით, ხელფასი ელემენტარულურად პურს ვერ ყიდულობდა. ადამიანებმა გვერდითი საარსებო წყაროები გაიჩინეს.  მეტი გზა არ იყო. შენ თუ პატიოსნად გაგზარდეს, ხელს ვერ მოაწერ ბევრ რამეს. ან უნდა გადაერთო ახალ ცხოვრებაზე, ან უნდა მოკვდე. მე ქვეყნის დატოვება ვარჩიე.
მივდიოდი ცრემლებით. ასე მეგონა, თვითმფრინავის ტრაპზე როგორც კი ფეხს ავდგამდი, გული გასკდებოდა.
ახლახან გამოიცა თქვენ მიერ თარგმნილი ქართველ პოეტთა კრებული „სულიერი ხიდი“. მალე მეორე წიგნის გამოვა…. რატომ „სულიერი ხიდი“?

„სულიერი ხიდის“ გარეკანის დიზაინი

– ჩემ მიერ თარგმნილ ქართველ პოეტთა კრებულს ვუწოდე „სულიერი ხიდი“,  რადგან ვთვლი, რომ პოეზია სულიერი ხიდია ადამიანთა გულების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ვფიქრობ, წიგნმა მოიხდინა ეს სათაური. ორივე წიგნის დიზაინზე იმუშავეს ქალბატონმა –  ნინო აფციაურმა და ბატონმა კახა სამუშიამ. გეგმა და იდეა და კახასი იყო, ქალბატონმა ნინომ კი ხორცი შეასხა – მოქარგა.
– წიგნი ბრიტანეთში დაიბეჭდა, თქვენი ხარჯებით. პირველი რეკლამა უკვე მოჰყვა კრებულს… რეკლამები ინგლისურენოვან ჟურნალებსა და რადიოშიც განთავსდება…
– წიგნი დამუშავდა და დაიბეჭდა გამომცემლობაში  „AUTHORHOUSE“. წიგნი დამუშავდა ლონდონში და გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყიდება „ამაზონზე“, ასევე იყიდება ელექტრონული ვერსია. გავრცელებულია 170 ქვეყანაში და 30 000 ჟურნალისტი ინფორმირებულია ამის თაობაზე. რეკლამები განთავსდება ინგლისურენოვან ჟურნალებშიც და რადიოშიც. ასევე გამოიცემა აუდიოწიგნები და ამ სახითაც გაიყიდება. გამომცემლობასთან შეთანხმებით, გამოცემიდან რამდენიმე თვე დაველოდებით თანხის შეგროვებას და  გადავანაწილებთ პოეტებზე,  ამის შემდგომ ყოველ სამ თვეში ერთხელ მოხდება თანხის გადანაწილება. ეს არის სამწლიანი პროგრამა. სამი წლის შემდგომ თუ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამავე გამომცემლობასთან, ისევ იქნება გადასახდელი რეკლამის თანხა. გამომცემლობას აქვს 22-წლიანი გამოცდილება. ჰყავს 70 000 ავტორი და გამოცემული აქვს 100 000-ზე მეტი წიგნი.
– მეორე კრებულიც მსგავსი იქნება? რა ერქმევა?
– მეორე კრებულიც მსგავსია, მაგრამ აქ 102 პოეტის ლექსებია მოთავსებული. სახელწოდებაა – „სევდისფერი მარგალიტი“.
წიგნები გამოვეცით საკუთარი სახსრებით. ეს არის ჩემი და ჩემი მეუღლის საჩუქარი – ქართველ პოეტებს.
– ვინ გეხმარებოდათ ამ პროექტზე მუშაობის დროს?
– ამ პროექტზე ძირითადად მარტომ ვიმუშავე, მაგრამ ჩემი მეუღლის გვერდში დგომის გარეშე ალბათ მე ამას ვერ გავბედავდი. ის იყო ჩემი თარგმანების პირველი შემფასებელი, და თუ საჭიროება მოითხოვდა, მაწვდიდა სათანადო სიტყვებს.
– თქვენს ორივე კრებულში მართლაც დიდი შრომაა ჩადებული და უდავოდ დასაფასებელია. უცხოეთში გაგაქვთ ქართული მწერლობა, კულტურა… როგორ ფიქრობთ, დიდი იქნება მათი დაინტერესება ქართული პოეზიით?
– ეს წიგნები გამოვეცით მხოლოდ ინგლისურ ენაზე და ჩვენი მიზანი იყო, ისინი ძირითადად ინგლისურენოვან ქვეყნებში გაგვევრცელებინა. გამომცემლობას თუ დავეყრდნობით, უნდა ველოდოთ წარმატებებს.
თავიდან, როცა გაიგეს, რომ პოეზიის გამოცემა მინდოდა, თავი შეიკავეს,  მაგრამ მერე თვითონვე მთხოვეს, გამეგზავნა რამდენიმე ლექსი. გავაგზავნე – მეგი მოლოდინის „დედა“, თენგო ავსაჯანიშვილის „მოძღვარი“და ჩემი ლექსი „ხიდი“.
ვერ წარმოიდგენთ, რა რეაქცია იყო. მირეკავდნენ და მხატვრულად მიკითხავდნენ, ცრემლმორეულნი, ამ ლექსებს –  მთელი არსებით ვგრძნობთ პოეტსაც და მთარგმნელის სულისკვეთებასო. ცხადია, მიხაროდა ჩემთვისაც და პოეტებისთვისაც. ეს მათ მირჩიეს, აუდიოწიგნებიც გამოგვეცა და რეკლამებშიც ჩაგვედო გარკვეული თანხა, რომ გაგვეცნო ეს ლექსები ფართო საზოგადოებისთვის. დანარჩენს დაველოდოთ. ძალით წიგნს ვერავის აყიდვინებ.
მე ვთვლი, რომ ერთმა ადამიანმაც თუ ისიამოვნა ამა თუ იმ ლექსით, პოეტი ამაოდ არ დამშვრალა.
– რამდენჯერმე მეუღლე ახსენეთ
– მყავს მეუღლე რონალდ ლოურენსი. ჩემი ჭირისა და ლხინის დიდი მოზიარე. ინგლისელი. გვიან გავთხოვდი – შვილები არ მყავს. და მინდა აქვე აღვნიშნო – მშობლები რამხელა ამაგს დებენ შვილებში – უანგაროდ. ასე იქნება ეს წიგნიც – მე შვილის აღზრდაში ვერ ჩავდე ვერაფერი. მაგრამ ვდებ ამ წიგნში. ხშირად შვილებიც არ ამართლებენ – დამეთანხმებით. ჰოდა, რა მოხდა, ამ წიგნმაც დიდი შემოსავალი თუ არ მოგვცა? – ჩავიხუტოთ გულებში ჩვენი შექმნილი ლექსები და მოვეფეროთ. განა ეს ცოტაა?

მეუღლე – რონალდ ლოურენსი

– ჰობი…
– თარგმნა, თარგმნა და თარგმნა მხოლოდ ლექსების. მე ვიპოვე ჩემი თავი ამ საქმეში. ეს ერთადერთია, რაც ჩემს სულს ასაზრდოებს და ამშვიდებს, რაც მე მაცოცხლებს.
– თქვენი ერთი ლექსი…
– მე ვწერ… დროგამოშვებით. ისე ჩემთვის და მევე ვკითხულობ, როცა მომენატრება. ბევრი ლექსი არ მაქვს, ქართული მუზა არ მწყალობს, რატომღაც. აზრიანი ლექსები გამომდის, მაგრამ ვერ ვქარგავ.  მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მეწერება ინგლისურად. და მშვენივრად გამომდის. ვწერ ნოველებს ინგლისურად ასევე. და თქვენ წარმოიდგინეთ, ინგლისური ენა ვისწავლე 45 წლის ასაკში.
კრებული არ მაქვს გამოცემული, მაგრამ გამოვცემ, სად მეჩქარება?

Sins and True Scenes of War

Scene 1:
Georgian father and Abkhazian mother:
Between them lies their wounded son.
Two kneeling bodies – fear, despair:
Will he survive? – A hand is held by hand.

Scene 2:
An old woman, exhausted and worn,
Walks around the house confused and lost.
With faded hope, with pouring tears,
begging the Lord: “Please end me here…
It is my home; it is my land.
It is my Georgia, my only beloved.
Where can I go? Who will heal my soul?
End this bloodshed; return me, my hope!”

Scene 3:
A mother by the road tries to bury sons –
Chasing hungry pigs – mad and desperate.
Soil is rough, stony, and Mother is alone…
Woman hides bodies under heavy stones.

Scene 4:
There is my mother, beaten to death.
Who knows for what? Does war have a sense?
War needs no reasons to destroy your mind.
A drop of blood enough to turn you blind.

Scene 5.
A young man there tries to rape a girl.
She is his hostage, feeble and weak.
She cries and begs: “Have mercy on me!”
In the end, at last, she is saved from him.
But then, then nature works its weird way.
A girl all her life is searching for his breath!
Where disappeared the victim of the war?
Who erected hatred’s hard-defeating wall?

Conclusion

A man to this world arrives for love,
But instead of love, he chooses blood.
Where is a solution? The secret is locked!
To whom you entrust it? Answer me, my Lord!

***

ჩემი სახლი ხარ, ჩემი გული ხარ…
შენ რომ დაეძებ, მე ის ქალი ვარ…
უცხო ცრემლები აკვნესდა ჩემში,
ჩამამალვინე თავი შენს მკერდში.
ის ადამი ხარ, მე რომ ველოდი,
როგორ მინდოდა, დაგბედებოდი,
შემოგისახლე, ვერსად გაგიშვებ,
შენი დათმობით ჭირს ვერ გავიჩენ.
შენს სუნთქვასაც ვგრძნობ, კანსაც ვეხები,
ვერავინ შეძლო… შენ ეს შეძელი.
გულის კარები ღიაა ფართოდ,
მხოლოდ შენია, შემოდი მარტო.
ჩემი ედემიც ხარ და სამოთხეც,
ოთხი ნაწილის შენ ხარ მეოთხე…
იქნება მომწვდე …სრულმყე, მაცოცხლე,
მკვდარი სურვილი გამომიცოცხლე.
ცრემლები ტკბილი საბნად მახურავს,
ნისლში ოცნებამ სახე დაბურა…
მთვრალი ვარ… სხვისი ლექსებით მხოლოდ…
ჩემი სად არის, ბოლოს და ბოლოს?!…

სამომავლო გეგმები…
– მე მინდოდა ამ ლექსების თარგმნით სულ მცირე სიხარული მაინც მიმენიჭებინა ჩემი საყვარელი პოეტებისთვის, რომელთათვისას ლექსი სუნთქვაა. ლექსი შვილივითაა, აბა უძაგეთ მშობელს მისი შვილი – მახინჯიაო – რა დღე დაგადგებათ? ასეა ზუსტად ლექსიც. ამიტომ გავუგოთ ადამიანებს, რომლებიც ერთ დღეს მაინც იმშვენიერებენ მათი შექმნილი პოეზიით.  არავინ არ ვიცით, თუ რა არის პოეზია ნამდვილად, ათასი აზრი არსებობს და ათასი ახსნა და მაინც არ არის ბოლომდე ახსნილი. ან როგორ ახსნი იმას, ღმერთთან არის დაკავშირებული. წერონ ადამიანებმა და გაიხარონ.
და, მთავარი, ეს წიგნი თუ გაამართლებს და თავის ადგილს დაიმკვიდრებს საბაზრო ეკონომიკაში, მე ვეცდები, ბევრ ადამიანს მივწვდე და სულ პატარა სიხარული მაინც მივანიჭო.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, ქალბატონო თამარ, ჩემს დასახმარებლად გაწეული ყოველი თქვენი მეგობრული რჩევისთვის და ყოველი ჩემთვის მოწოდებული აუცილებელი მასალისთვის.
დიდი მადლობა მორალური მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ქალბატონ მაყვალა გონაშვილს, პოეტ-აკადემიკოსს, გამომცემლობა „რუბიკონის“ დირექტორს იოსებ მაჭარაშვილს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პოეტს ნანა რევაზიშვილს, ასევე განსაკუთრებული მადლობა პოეტ მერაბ გიორგაძეს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები