სოზარ სუბარი: ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს ნათელი მოჰფინოს – კითხვები, მგონი, არავის აღარ დარჩა

“ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება, ადამიანური კონტაქტი არსებობდეს და ამ ფონზე, როცა ვიღაც ცდილობს, მისი სახელი გამოიყენოს, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს მოფინოს ნათელი”, – ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

სუბარის თქმით, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფოს უღალატა.

“პირველივე წუთიდანვე ვამბობდით, რომ ის, რაც გააკეთა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომენტში უღალატა სახელმწიფოსა და უღალატა გუნდს. ეს იყო სახელმწიფოს, სამართლისა და კანონის უზენაესობის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა. როცა კანონი უნდა აღსრულდეს, პრემიერი ამბობს, რომ ამის წინააღმდეგია და მიდის თანამდებობიდან, ამას შეიძლება, ერთადერთი მიზანი ჰქონდეს – ამ კაცის მიზანი იყო, ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა. აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ დადიოდნენ და ავრცელებდნენ მისი გუნდის წევრები, განსაკუთრებით რეგიონებში, თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის, რაც ჩაიდინა გიორგი გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა საბოლოოდ. ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება, ადამიანური კონტაქტი არსებობდეს და ამ ფონზე, როცა ვიღაც ცდილობს,  მისი სახელი გამოიყენოს და გამოიყენოს არასწორად, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს მოჰფინოს ნათელი და თავის პოზიცია გაამჟღავნა მკაფიოდ, კითხვები, მგონი, აღარ დარჩა არავის”, – განაცხადა სუბარმა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: “შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების განმავლობაში ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები