ირაკლი კოვზანაძე: რეცესიისა და პანდემიის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორი მოგებაზე გავიდა
„სადაზღვევო სექტორის 2020 წლის ფინანსური მაჩვენებლები პოზიტიურია, რეცესიისა და პანდემიის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორი მოგებაზე გავიდა- 47.6 მილიონი ლარით. ასევე გაიზარდა მოზიდული სადაზღვევო პრემია 6.8%-ით და 667,3 მილიონი ლარი შეადგინა.
ძირითადად ზრდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევის მიმართულებით არის “-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ დავით ონოფრიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგებს. განხილული იქნა თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სადაზღვევო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშეა დღეს ეს სექტორი. ირაკლი კოვზანაძის თქმით, საჭიროა მოვიწვიოთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც დეტალურად განვიხილავთ გასული წლის ანგარიშს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ფინანსთა მინისტრი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დამსაქმებელთა ასოციაციისა და ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტები. დღეს სადაზღვევო ბაზარზე წარმოდგენილია 18 სადაზღვევო კომპანია ჯამურად 279,1 მილიონ ლარიანი კაპიტალით.