შალვა პაპუაშვილი – ნინოწმინდის პანსიონზე: ამ საკითხს არ სჭირდება აჟიტირება, უნდა გვესმოდეს, რომ საქმე ეხება არასრულწლოვნებს და მათთვის სტრესული გარემოს შექმნა არ არის კარგი

“ამ საკითხს არ სჭირდება აჟიტირება, უნდა გვესმოდეს, რომ საქმე ეხება არასრულწლოვნებს და მათთვის სტრესული გარემოს შექმნა არ არის კარგი”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მყისიერი საფრთხე პანსიონში არ არსებობს.

„19 აპრილიდან სოციალური მუშაკი შესულია ნინოწმინდის პანსიონში და აკვირდება მდგომარეობას. გარდა ამისა, ვიცით, რომ დღეს სოციალური მუშაკებისა და მონიტორინგის ჯგუფი შევიდა, კონტაქტი აქვთ დამყარებული ყველა ბავშვთან. ასე რომ, რაიმე მყისიერი საფრთხე იქ არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს აქვს კონტროლის შესაძლებლობა, თუმცა, ეს თავისთავად არ ანაცვლებს ომბუდსმენის მხრიდან მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას და ამ კუთხითაც დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც გადაწყდება.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებები და ბავშვები. ჩარევაც უნდა იყოს იმგვარი, რომ თავად ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს. ასე რომ, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, იყოს კონტროლი და მონიტორინგი, მათ შორის, ომბუდსმენის მხრიდან იქ არსებულ პირობებზე და, მეორე მხრივ, ჩარევა უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მედიის როლიც. ამ საკითხს არ სჭირდება აჟიტირება. უნდა გვესმოდეს, რომ საქმე ეხება არასრულწლოვნებს და მათთვის სტრესული გარემოს შექმნა არ არის კარგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები