ირაკლი კობახიძე: მერი, განსაკუთრებით – დედაქალაქის მერი, ეს არის პოლიტიკოსი
“მერი, განსაკუთრებით – დედაქალაქის მერი, ეს არის პოლიტიკოსი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას თავისი არჩევანი აქვს და მათ არაპოლიტიკოსი კანდიდატის წარდგენა თუ სურთ, შეუძლიათ, წარადგინონ.
„მერი არა მარტო საქართველოს კანონმდებლობით, არამედ თავისი არსითაც პოლიტიკური თანამდებობის პირია. აქედან გამომდინარე, ეს ლოგიკა ცოტა გაუგებარია, თუმცა, ყველას თავისი არჩევანი აქვს. მათ არაპოლიტიკოსი კანდიდატის წარდგენა თუ სურთ, შეუძლიათ, წარადგინონ, მაგრამ რაც ეხება ზოგად ლოგიკას, მერი, განსაკუთრებით – დედაქალაქის მერი, ეს არის პოლიტიკოსი. ერთი კანდიდატი თუ იქნება, ეს უკეთესია ჩვენთვის. რამდენიმე კანდიდატი თუ იქნება, ესეც კარგია ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი უნდა თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. მისივე თქმით, თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.