ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღება დაიწყო

ეროვნული თავდაცვის აკადემია ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღებას აცხადებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის გაცნობითი პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საკანდიდატო კურსის უფროსის მოადგილემ კაპიტანმა რევაზ ტორონჯაძემ სამხედრო მოსამსახურეებს საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და საკანდიდატო კურსის პროგრამა გააცნო.
საკანდიდატო კურსზე ჩაბარება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო პირებს. სწავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ კუთვნილი ანაზღაურება, ხოლო სამოქალაქო პირები მიიღებენ ფულად სარგოს 950 ლარის ოდენობით. კურსდამთავრებულები მაღალანაზღაურებად სამხედრო სამსახურში დასაქმდებიან და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ, ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით და სამხედრო მოსამსახურისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითა და პრივილეგიებით.
პრეზენტაციის მსვლელობისას ხაზი გაესვა აკადემიაში სწავლის მაღალ სტანდარტებს და განსაკუთრებულ პირობებს, რასაც უზრუნველყოფს ამიერკავკასიაში საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზა და მაღალკვალიფიციური პერსონალი. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ვებგვერდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები