მამუკა ხაზარაძე: მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შეცდომაა
“ყველას მოვუწოდებ, მთავარი მიზანი, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა მოვიდეს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს ახალი საარჩევნო კოდექსით, უმნიშვნელოვანესია”, – ამის შესახებ ,,ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შეცდომაა.
„მათი პარტიის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა. რადგან საუბარია ევროპულ კურსსა და საკმაოდ სერიოზულ პარტნიორობაზე. დღეს ჩვენს ქვეყანას უდგას გეოპოლიტიკური გამოწვევები და როგორც არასდროს, საჭიროა ევროპარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა. შესაბამისად, შარლ მიშელის დოკუმენტი პირველ რიგში, სწორედ მეგობრობას და პარტნიორობას გულისხმობს. შეიძლება, იყოს რაღაც დეტალი, რომელიც ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ მარტივია, ან მიიღებ ამ კანონის მიღებაში მონაწილეობას ან შენს ვარიანტს შესთავაზებ. მაგრამ ფაქტი, რომ ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს, ჩვენი ევროკურსისთვის დამაზიანებელია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ. „ლელო“ არის მოწოდებული, ქვეყანაში ჩატარდეს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისე იყოს მოგებული, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავისტუმროთ და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ოპოზიციაში ვიღაცას აღარ უნდა ეს სცენარი. ეს მართლა ღალატის ტოლფასი იქნება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მთავარი მიზანი, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა მოვიდეს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს ახალი საარჩევნო კოდექსით, უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.