ნატო-ს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს პერსონალისა და თავდაცვის ძალების შესაბამისი პროფილის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ნატო-ს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კურსი, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის პირველად იმართება, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ოსაძემ გახსნეს.
“სწავლების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-სთან თავსებადობის კრიტერიუმების განსაზღვრა, ნატო-ს სტანდარტიზაციის ოფისის მუშაობის პრინციპების და ვებ-გვერდის გამოყენების წესების გაცნობა წარმოადგენს.
ხუთდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები ქვედანაყოფების ნატო-ს ეგიდით წარმართული მისიების დროს სტანდარტიზაციის მოთხოვნების შესრულებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ნატოს სტანდარტიზაციის სისტემის როლის შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. კურსს ნატო-ს შტაბ-ბინიდან მობილური საწვრთნელი ჯგუფის წარმომადგენელი ოფიცრები უძღვებიან. ტრენინგის განმავლობაში ნატოს შტაბბინიდან ონლაინ ჩართვაც განხორციელდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.