ალი ბაბაევი: ეროვნულ ნიადაგზე პროვოკაციები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აწყობს, მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს

ეროვნულ ნიადაგზე პროვოკაციები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აწყობს. ეს ვნახეთ ბოლნისში, დმანისში, მარნეულში. მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, სიფრთხილე გვმართებს, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა.

ბაბაევმა დმანისში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

„მინდა, ჩვენს მსმენელებს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდო, რათა იცოდნენ, რა მოხდა დმანისში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც ჩავიდნენ იქ და ეს საქმე მშვიდობიანი შერიგებით მოაგვარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა კახა ოქრიაშვილი არ აირჩია, დღეს ის დმანისის რაიონს წინ მიუძღვება. ამას ოქრიაშვილმა ბინძური პოლიტიკით მიაღწია. ზოგი ამომრჩევლის ხმებს ყიდულობდამ ზოგს კი აშინებდა. ეს ადამიანი ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, შემდეგ დეპუტატი „ქართული ოცნების“ მეშვეობით გახდა. 31 ოქტომბრის არჩევნებზე ისევ სააკაშვილის გვერდით დადგა. მერი მისი ახლობელია, საკრებულოს თავმჯდომარე მისი ბიძაშვილი. ადგილობრივი დეპუტატების 75 % მისი ხალხია. მერიაში 5 – მდე ადამიანია, რომელიც „ქართული ოცნებას“ წარმოადგენენ. უმრავლესობა ოქრიაშვილის მხარესაა. ოქრიაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ძალაა.

მინდა, ჩვენს მაყურებლებს ვუთხრა, რომ დმანისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ორივე დაჯგუფების ხალხი იოქრიაშვილის კლანის ხალხი იყო. დაპირიპირება იმ ადამიანების მიერ იყო პროვოცირებული, რომლებიც თბილისში, „ ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებისთვის ხალხს აგროვებდნენ. დაგეგმილი იყო, დაწყებულიყო დიდი კონფლიქტი და შემდეგ ეთქვათ, რომ ქართველებს და აზერბაიჯანელებს შორის კონფლიქტი მოხდა, რომ აზერბაიჯანელებს ავიწროებენ. ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობთ. ერთმანეთის მიმართ შუღლი და დაპირისპირება არ გვაქვს.
სამწუხაროდ, დღეს დმანისში ორხელისუფლებიანობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას მივმართვ, ქმედითი ღონისძიება გაატაროს. იქ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე ზეწოლა მიმდინარეობს, ხდება პროვოკაციები. მაგალითად: მიწების პრივატიზაცია ხდება მხოლოდ ოქრიაშვილის ოჯახთან დაახლოებულ ადამიანებზე. 200-ლარიან სოციალური დახმარებას იმ ადმაიანებს აძლევენ, რომლებიც ოქრიაშვილს უჭერენ მხარს. ეს დეტალები სერიოზულად უნდა განვიხილოთ. ამ საკითხებზე „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულად უნდა იმსჯელოს, ქმედითი ღონისძიებები გაატაროს დმანისსა და საერთოდ, ქვემო ქართლში. ეს არის პროვოკაცია. ეროვნულ ნიადაგზე პროვოკაციები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აწყობს. ეს ვნახეთ ბოლნისში, დმანისში, მარნეულში. მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, სიფრთხლე გვმართებს, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს“- განაცხადა ბაბაევმა.

შეგახსენებთ, დმანისში ორდღიან კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები 17 მაისს, საღამოს შერიგდნენ. დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს ხელი მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოართვეს.
დმანისის ცენტრში დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც შემდგომში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება მეორე დღესაც გაგრძელდა, ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მხარეები ერთმანეთს ჯოხებსა და ქვებს ესროდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები