გიორგი გახარიამ პოლიტიკური გაერთიანება ოფიციალურად დააფუძნა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ოფიციალურად დააფუძნა. სადამფუძნებლო კონფერენცია შეკრებილებმა გაერთიანების ხელმძღვანელად გიორგი გახარია აირჩიეს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, არჩევნებშიც, აქტიურად ჩაერთვებიან.

„ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ – არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას – საქართველოსთვის. ბოლო პერიოდში, საზოგადოებასთან ერთად, თვალყურს ვადევნებთ პოლიტიკურ პროცესებს. ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, აბსოლუტურად ნათელია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება გუნდი, რომელსაც შეუძლია, სიმართლეს თვალი გაუსწოროს, გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი, სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს; უთხრას სიმართლე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას და, რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას წესრიგი შესთავაზოს, ოღონდ – სამართლიანი წესრიგი. სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში“, – თქვა გიორგი გახარიამ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას.

გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნების პარალელურად, „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქცია იმართება. მოძრაობა „შეცვალე“ და მოძრაობა „საქართველოსთვის“ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას მისამართით ბევრი კითხვა არსებობს, რომელთაც პასუხი უნდა გასცეს. ცოტა ხნის წინ, ადგილზე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი – აქციის მონაწილეებმა პრეზენტაციაზე შესვლა სცადეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გახარიას პარტია არ იქნება მათი რეალური კონკურენტი, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს ამომრჩევლის პარტიულ განწყობებზე. მათივე თქმით, გიორგი გახარიასთვის „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენცია რთული იქნება, რადგან მას გაუჭირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის გაკრიტიკება, ვინაიდან ის თავად იყო ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

რადიკალურ ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „კარგი იქნება, თუ გახარია ხმებს წაართმევს და „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ გადალახავს“.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები