ირაკლი კობახიძე: ვინმე მიშელის დოკუმენტს თუ უპირისპირდება, ის უპირისპირდება, მათ შორის, ამნისტიას
“ვინმე მიშელის დოკუმენტს თუ უპირისპირდება, ის უპირისპირდება, მათ შორის, ამნისტიას”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვინმეს თუ არ უნდა ამნისტიის კანონი, ბუნებრივია, მასზე არ უნდა გავრცელდეს.
„ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება და პირველი მოსმენით არსებითად იმ სახით დამტკიცდება, როგორც ინიცირებული იყო. დანარჩენი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვნახოთ.
ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ვმოქმედებთ, სადაც წერია, რომ უნდა იყოს მიღებული ამნისტიის შესახებ კანონი და ეს კანონი უნდა ეხებოდეს ყველას. რაც შეეხება უარის შესახებ დათქმას, შარლ მიშელის დოკუმენტი თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ მხარეები უნდა იყვნენ თანახმა ამ დოკუმენტის პირობებზე. ვინმე მიშელის დოკუმენტს თუ უპირისპირდება, უპირისპირდება, მათ შორის, ამნისტიას და, ბუნებრივია, მასზე შეიძლება, არ გავრცელდეს ამნისტიის კანონი. ეს არის ასახული კანონპროექტში.
ასე გამოდის, რომ ადამიანს არ უნდა ამნისტია და ძალით უნდა შევახოთ მას ეს კანონი. ეს გაუგებარია. ვინმეს თუ არ უნდა ამნისტიის კანონი, ბუნებრივია, მასზე არ უნდა გავრცელდეს. მარტივი ლოგიკაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.