შსს-ს ჩეხეთის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ინსპექტორატის დირექტორი, ბრიგადის გენერალი რადიმ დრაგუნი ხელმძღვანელობს.
შს მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა. ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცველ ორგანოებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება ჩეხეთში წარგზავნილი საქართველოს პოლიციის ატაშეს მეშვეობით. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი იოსებიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის დირექტორმა, რადიმ დრაგუნმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
აღნიშნული დოკუმენტი მხარეებს შორის სისხლის სამართლის დანაშაულების თავიდან აცილებას, გამოვლენას აგრეთვე, დისციპლინური წარმოების მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე წარდგენილი პრეზენტაციის მეშვეობით, სტუმრები ასევე გაეცნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმიანობას, სტრუქტურას და ფუნქციებს.
ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატი არის დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანო, რომელიც იძიებს პოლიციელებისა და სამართალდამცველი ორგანოების სხვა წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ჩადენილ დანაშაულებს.