გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“მოქალაქეები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშასა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორიში, ტყეების მიმდებარედ, აკრძალულ პერიოდში, არარეგისტრირებული იარაღებით ნადირობდნენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს იარაღები ჩამოართვეს და შესაბამისი ოქმები შეადგინეს.
ჩამორთმეული იარაღები, ასევე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.