ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა არის პროექტი, რომლის განხორციელებაც ჟიული შარტავას უნდოდა და ჩვენ ის თაობა ვართ, ვინც ასეთი პროექტებს განახორციელებს და ბოლომდე მიიყვანს

რუსთავში, განახლებული ჭალის ტყის ტერიტორიაზე, გამწვანების კიდევ ერთი აქცია გაიმართა. დღევანდელი ეკო აქციით, რუსთავში ბოლო სამი თვის განმავლობაში, გამწვანების კუთხით შესრულებული სამუშაოები შეჯამდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაზე, რომელიც საზოგადოება ,,რუსთაველების“ დახმარებით გაიმართა, ჭალის ტყის ტერიტორიაზე, კიდევ 100 ნერგი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქციაში მონაწილეობას რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მუნიციპალიტეტის და ,,რუსთავსერვის ცენტრის” წარმომადგენლები, ეკო მოხალისეები და რუსთაველი სპორტსმენები იღებდნენ.

,,გრძელდება ჭალის ტყის აღდგენის უნიკალური პროექტი. ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაც ჟიული შარტავას უნდოდა და ჩვენ სწორედ ის თაობა ვართ, ვინც ასეთ პროექტებს ბოლომდე მივიყვანთ. რა თქმა უნდა გვექნება ახალი ინიციატივები და პროექტები, თუმცა არსებობს ძალიან ღირებული პროექტები და ჭალის ტყის აღდგენა სწორედ ასეთი პროექტია. ვაგრძელებთ მუშაობას საკანონმდებლო კუთხით და უშუალოდ ვართ ჩართულები ქალაქის გამწვანების პროცესშიც.“-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის ალექსანდრე დალაქიშვილის განცხადებით, ჭალის ტყის აღდგენის პროექტი, რუსთავის ისტორიული პრობლემის გადაწყვეტისკენ- ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ წარმართული საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია- ,,ჩვენ ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებაც-გარემოს დაცვის სამინისტროც აქტიურადაა ჩართული, რომ რუსთავში ჰაერი გავაუმჯობესოთ. მადლობა მინდა გადავუხადო რუსთავის მერიის სერვის ცენტრს, რომელიც ამ ნარგავების მოვლა- პატრონობაზეც იზრუნებს. რუსთავის ჭალის ტყე არის ბუნებრივი რეკრეაცია, რომელიც ქალაქის ფილტვს წარმოადგენს და მისი აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ეკოლოგიისთვის“- განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

ქალაქის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, ამ ტერიტორიის ფლორას 1100 ძირი ხის ნერგი შეემატა. მთლიანად ქალაქში, კი ბოლო პერიოდში გამართული ეკო აქციების შედეგად, 3000 ძირი ხეა დარგული.

,,დღეს ფაქტობრივად შევაჯამეთ სამუშაო, რომელიც ქალაქის გამწვანების კუთხით ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარდა რუსთავში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჟურნალისტებს, რადგან აქტიურად აშუქებდით გამწვანების აქციებს და თქვენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მოხალისე იყო ჩართული ამ პროცესში. გამწვანების აქციები პირდაპირ კავშირშია ჰაერის მართვის გეგმის აღსრულებასთან და ვფიქრობ, რომ ამ კვარტალში, რუსთავმა გეგმის ეს კომპონენტი წარმატებით შეასრულა“- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის ჭალის ტყე ბუნებრივი რეკრეაციაა, რომლის გარკვეულ ნაწილზეც, ქალაქის ცენტრალური პარკია გაშენებული. რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემების ფონზე, ჭალის ტყის განადგურებული ნაწილის აღდგენა, ქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები