რას ნიშნავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ანტიოქიის პატრიარქთან შეხვედრა – თეოლოგ ნუგზარ ბარდაველიძის განმარტება
“მსოფლიოს თვალში მოსკოვის პატრიარქი აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს. რუსეთის პოზიცია ასეთია: მე არ გამოვჩნდები და ამას ანტიოქიის საპატრიარქოს ხელით გავაკეთებ, თუ ვერ მივაღწევ, საქართველოს მაინც შევაშფოთებო”, – ამის შესახებ თეოლოგმა, ნუგზარ ბარდაველიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბარდაველიძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან შეხვედრას გამოეხმაურა.
„ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია თავის მეგობარ ქვეყანაში ჩავიდა. იცით, რომ ჩვენ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ გავწყვიტეთ, რაც ამ სამიოდე წლის წინ, რუსეთის ხელშეწყობითა და მოთხოვნით, სირიამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.
ეს ვიზიტი როცა მზადდებდა და სირიაში მიდოდა ბჟანია, სავარაუდოდ, მან კონსულტაციები რუსეთიდან მიიღო: ვის უნდა შეხვედროდა და რა თემაზე უნდა ესაუბრა. ზუსტად რა თემაზე იყო საუბარი, ამას ვერ გავიგებთ. ასეთ შეხვედრებზე პრესისთვის რაღაც ნაწილია მისაწვდომი, რაღაც კი – არა.
ბჟანია სირიის პრეზიდეტს შეხვდა და, მათ შორის, ანტიოქიის პატრიარქსაც, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. გასაგებია, როცა ვიზიტის დროს შეხვედრები, მათ შორის, სასულიერო ლიდერებთან იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ანტიოქიის საპატრიარქომ მთელი ეს პერიპეტიები იცის, ამიტომ, მეორე მხარეა ის, თუ რატომ შეხვდნენ ბჟანიას. ამაზეც მარტივი პასუხია: საერთოდ, მართლმადიდებლურ სამყაროში საუკუნეებია, არსებობს ცეზაროპაპიზმი, ანუ მართლმადიდებელი პატრიარქები ქვეყნის მმართველს ემორჩილებიან. თუ გადავხედავთ იმას, რა ხდება სირიაში, რა მდგომარეობაა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პრეზიდენტს რაც სურს, ყველა პოლიტიკური, რელიგიური თუ ბიზნესლიდერი იმას გააკეთებს“, – განაცხადა ბარდაველიძემ.
როგორც ბარდაველიძემ განმარტა, ანტიოქიის საპატრიარქო მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.
„დღეს რეალურად რას წარმოადგენს ანტიოქიის საპატრიარქო – სირიაში განა რა ისეთი ბერძნული მრევლია, რომ იქ ანტიოქიის პატრიარქს გავლენა ჰქონდეს? ის, რომ იქ ანტიოქიის საპატრიარქო არსებობს, სირიის პრეზიდენტისა და რუსეთის ნებაა. ანტიოქიის საპატრიარქო მთლიანად რუსეთზეა ჩამოკიდებული. მოსკოვის საპატრიარქოსა და კრემლს როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან. ასეთ ვითარებაში რამდენად ფიქრობთ, როგორ მათ შეეძლოთ, წინააღმდეგობა გაეწიათ? ასევე არის შიდა ბრძოლა პირველობისათვის. იცით, რუსეთს უკვე 500 წელია, გაცხადებული აქვს, რომ მოსკოვი მესამე რომია. მოსკოვის საპატრიაქრო იბრძვის, რათა დაამტკიცოს, რომ ისინი მესამე რომს რეალურად წარმოდგენენ. ამ შემთხვევაში კონკურენტად მსოფლიო საპატრიარქოს აღიქვამენ. მით უმეტეს, იცით, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ბოლო წლებში ვითარება ძალიან დაძაბულია, ანუ ეკლესიათაშორისი ურთიერთობები საერთაშორისო ურთიერთობებშია გადახლართული. მათი გამიჯვნა ასე მარტივი არაა. ამ ყველაფრის უკან დიდი პოლიტიკა დგას. როგორც მარიონეტებს, ისე ათამაშებენ სირიის პრეზიდენტსა და ანტიოქიის პატრიარქს“, – განაცხადა ბარდაველიძემ.
მისივე თქმით, სირიაში დე ფაქტო ეპარქიის ე.წ. წინამძღოლი, ბესარიონ აპლია რომ ჩასულიყო, მაშინ ეს ეკლესიათშორისი ურთიერთობები იქნებოდა, ახლა კი ეს ყველაფერი ეკლესიათშორის ურთიერთობებს გასცდა.
„ეს ეკლესიათშორის ურთიერთობებს გასცდა. ბჟანია ე.წ. პრეზიდენტია. აპლია რომ ჩასულიყო, მაშინ სუფთა ეკლესიათშორისი ურთიერთობები იქნებოდა. ქვეყანა, სადაც ბჟანია ჩავიდა, მას „ეგრეთ წოდებულად“ არ თვლის, მას აღიარებენ. ეს მარტო ჩვენი საპატრირქოს პასუხგასაცემია? აქ ქვეყნის პოზიციაც უნდა ჩანდეს.
მსოფლიოს თვალში მოსკოვის პატრიარქი არ აღიარებს აფხაზეთის ეკლესიას. რუსეთის პოზიცია ასეთია: მე არ გამოვჩნდები და ამას ანტიოქიის საპატრიარქოს ხელით გავაკეთებ. თუ ვერ მივაღწევ, საქართველოს მაინც შევაშფოთებ. რადგან როცა შფოთი და გაუგებრობაა, რაღაც შეცდომა შეიძლება, დაუშვა. ისინი კი ჩასაფრებულები არიან“, – განაცხადა ნუგზარ ბარდაველიძემ.
შეგახსენებთ, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იოანე X-მ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 18 მაისს დამასკოში საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. ანტიოქიის საპატრიარქოს განცხადებაში ბჟანია „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტადაა“ მოხსენებული.
ვიზიტს საქართველოს საპატრიარქოში გამოეხმაურნენ.
„ეს არის ნეგატიური მოვლენა. უცნაური ფაქტია და, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება. თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება. რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.
თამუნა შეყილაძე