ეროვნული გმირის სიკვდილის შემდეგ ასრულებული ოცნება – გენერალი კვინიტაძის ნეშტს, პრემიერის ძალისხმევით, სამშობლოში ჩამოასვენებენ

22 მაისს საფრანგეთიდან საქართველოში ქვეყნის ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს ჩამოასვენებენ. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის და ეს იდეა ჯერ კიდევ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაჟღერდა. გენერლის ოჯახმა ინიციატივა მოიწონა და, მათი თანხმობით, პროცესი უკვე დაიწყო. გასული წლის სექტემბერში, ირაკლი ღარიბაშვილისვე ინიციატივით, თავდაცვის სამინისტროს ფოიეში გენერალ კვინიტაძის ბიუსტი დაიდგა. ასევე, გამოიყო მემორიალური სივრცე გმირების უკვდავსაყოფად წარწერით – „დიდება გმირებს“. გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. მან ბრინჯაოთი შესრულებული ბიუსტი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა.
საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ღვაწლისა და მისი ნეშტის ქვეყანაში გადმოსვენების მნიშვნელობის შესახებ „კვირას“ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი ესაუბრა.
„გიორგი კვინიტაძე იყო გამორჩეული გენერალი, პირველ ყოვლისა, მისი გამჭრიახობით. მას ახასიათებდა ჯარისკაცების მოტივირების უნარი. იცნობდა თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიას და შეეძლო, უკვე დემორალიზებული, დაშლის პირას მყოფი ჯარი საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა და უდიდესი მოტივაცია მიეცა. სხვათა შორის, 1921 წლის 18-24 თებერვლის მოვლენების დროს სწორედ მისმა პირადმა მაგალითმა და შემართებამ გააძლებინა ქართულ ჯარს და მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენეს, რის გამოც მარტივად ვერ შეძლო მოწინააღმდეგემ თბილისის დაკავება. 1921 წლის 16 თებერვალს გიორგი კვინიტაძე მთავარსარდლად დაინიშნა და მან ჩაანაცვლა გენერალი ოდიშელიძე. სწორედ კვინატაძეს ანდო მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო ბრძოლების წარმოება, რამეთუ საყოველთაოდ ცნობილი იყო იმდროინდელ ქართულ ჯარში მისი ღვაწლისა და პროფესიონალიზმის შესახებ“, – გვიყვება ვიცე-პოლკოვნიკი.

ვიცე-პოლკოვნიკი აღნიშნავს, რომ გენერალს სიცოცხლეში დიდი სურვილი ჰქონდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და დამოუკიდებელი საქართველო ენახა. სამწუხაროდ, მას ეს სურვილი არ შეუსრულდა, თუმცა, როგორც მალხაზ გოლეთიანი ამბობს, კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა საშუალება, პატივი მიაგოს ეროვნული გმირის ხსოვნას.
„გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი პატივია. ამით ჩვენი ქართველი გენერლის სული სასუფეველში ზეიმობს, რადგან მას მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში სურდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და დამოუკიდებელი ქვეყანა ენახა. სამწუხაროდ, ეს მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, ღირსეული სამხედროს პატივი მივაგოთ და მისთვის შესაბამისი ღირსებით დავკრძალოთ“, – აღნიშნავს მალხაზ გოლეთიანი.

ღვაწლმოსილი გმირისთვის პატივის მიგება მოქალაქეებს სამების საკათედრო ტაძარში 22-დან 26 მაისამდე შეეძლებათ. მალხაზ გოლეთიანის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა – როგორც ნეშტის ჩამოსვენების, ასევე, მისი ბიუსტის გახსნის შესახებაც.

„26 მაისს ის დაიკრძალება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. აღნიშნული ინიციატივა ახლანდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გააჟღერა მან ეს იდეა. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში განთავსდა გენერალ კვინიტაძის ბიუსტი თავდაცვის სამინისტროს ფოიეში და დღესაც ამშვენებს სამინისტროს მთავარ შესასვლელს გენერლის ბიუსტი.
ოჯახის წევრებმა ეს იდეა ძალიან მოიწონეს და დაიწყო ეს პროცესი. 22 მაისს მოხდება ნეშტის გადმოსვენება და 26 მაისამდე სამების ტაძარში ჩატარდება სამოქალაქო პანაშვიდი, რის შემდეგადაც მოხდება სამხედრო პატივით დაკრძალვა.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, პატივი მიაგოს ღვაწლმოსილ გენერალს. პირადად ჩემთვის და ყველა სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის დიდი პატივია, რომ პატივი მივაგოთ და ჩვენი წილი პატივისცემა გამოვხატოთ გენერლის მიმართ“, – ამბობს გოლეთიანი.
ეს ადამიანები, გმირები და მათ შესახებ ინფორმაცია სულ უნდა იყოს აქტუალური, რადგან ნებისმიერმა ქართველმა უნდა იცოდეს საამაყო ისტორია. ეს გენერლები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ქვეყნისთვის იბრძოდნენ, უნდა იყვნენ მისაბაძნი და სამაგალითოები.
ჩვენი კადეტთა სამხედრო ლიცეუმიც გენერალ კვინიტაძის სახელს ატარებს და ესეც ერთგვარი საფუძველია, რომ მისი სახელი იყოს უკვდავი“, – ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი, მალხაზ გოლეთიანი.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს 26 მაისს, სამხედრო პატივით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები