რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ “ღია ცის” შეთანხმების დენონსირების განხილვა გადადო
რუსეთის ფედერალური კრების ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის განხილვა გადადო. 17 მაისს კი ქვედა პალატამ სახელმწიფო დუმამ შეთანხმების დენონსირების ვლადიმერ პუტინის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
როგორც ფედერაციის საბჭოს სენატორმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, საკითხზე სხდომის გამართვა დღეს უნდა მომხდარიყო, თუმცა, მისი გადადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
როგორც რუსულ მედიას წყარომ განუცხადა, განხილვა 2 ივნისზე ადრე არ მოხდება. მისივე თქმით, ვაშინგტონს შეთანხმებაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევენ.
“ღია ცის” შეთანხმებას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება. 2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.
შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.
თუმცა, 2020 წლის მაისში აშშ-მა შეთანხმების გასვლის პროცედურა დაიწყო, რომელიც 22 ნოემბერს დასრულდა.
ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, მიზეზად სახელდება ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვა. გარდა ამისა, საუბარია მოსკოვის მიერ კალინინგრადთან, პოლონეთთან, ლიეტუვასთან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებაზე.
2021 წლის 15 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეთანხმებიდან გასვლის შიდა პროცედურებს იწყებენ.
11 მაისს კი რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ კრებას დოკუმენტის დენონსირების კანონპროექტი წარუდგინა.
უცნობია, რას უკავშირდება პარლამენტის ზედა პარლამენტის მიერ დოკუმენტის განხილვის გადადება, თუმცა, ცნობილია, რომ ივნისის დასაწყისში მოსალოდნელია მესამე ქვეყანაში რუსეთისა და აშშ-ის პირველი პირების სამიტის გამართვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია წინამორბედის, დონალდ ტრამპის დროს დენონსირებულ შეთანხმებებში დაბრუნდა, მაგალითად, პარიზის კლიმატურ შეთანხმებასა და ჯანმო-ში. მოსალოდნელია ირანის ბირთვულ პროგრამაშიც დაბრუნება. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ვაშინგტონი “ღია ცის” შეთანხმებაში დაბრუნების საკითხსაც განიხილავდეს.