მამუკა არეშიძე: მიხეილ სააკაშვილი აგრესიულად არის განწყობილი თავისი გუნდის წევრების მიმართ, რადგან მიიჩნევს, რომ მათ დასახული ამოცანა ვერ შეასრულეს

“მიხეილ სააკაშვილი აგრესიულად არის განწყობილი თავისი გუნდის წევრების მიმართ, რადგან მიიჩნევს, რომ მათ დასახული ამოცანა ვერ შეასრულეს”, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ნიკა მელიას გადაწყვეტილება არ ყოფილა არც ციხეში ჩაჯდომა და არც თავდაპირველად გირაოს გადახდაზე უარის თქმა, ის ოპოზიციური დღის წესრიგით იქცეოდა ასე.

,,ჩვენს საზოგადოებას კარგა ხანია მობეზრდა მთელი ეს პროცესი, დაიღალა ამ ფარსით. ქვეყანას რა ეშველება, ამაზე არავინ ფიქრობს, არც იმაზე, რა როლი ექნება ჩვენს ქვეყანას ამ ახალ მსოფლიოში, რომელიც აგერ ჩვენ თვალწინ დინამიკურად იცვლება. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიის გადამწყვეტი უმრავლესობისთვის გადამწყვეტია სააკაშვილის ფაქტორი. მისთვის კი მიუღებელია საპარლამენტო ცხოვრება.

საქმე ისაა, რომ მას თავიდანვე ჰქონდა ასეთი ამოცანა – “ნაცმოძრაობას” ძალაუფლება ნებისმიერი ხერხით უნდა აეღო. ეს ამოცანა ვერ შესრულდა. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი აგრესიულად არის განწყობილი თავისი გუნდის წევრების მიმართ, რადგან მიიჩნევს, რომ მათ დასახული ამოცანა ვერ შეასრულეს. თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილიც შეიცვლის აზრს და რადგან თუ ოპოზიციის ერთიანობა ვერ შენარჩუნდა, პარტიის იმ წევრებს, ვინც მას ემორჩილებიან, პარლამენტში შესვლის უფლებას მისცემს. “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი უკვე ისედაც შესულია. ვფიქრობ, პარტიისთვის სირცხვილია, როცა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სათავეში ყოფნისასაც მიიღო პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა, უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, ესენი კიდევ გაიძახიან, არ შევალთო.

როდესაც გიორგი ვაშაძე ამბობს, ვითანამშრომლებ მელიასთან, მაგრამ არა “ნაციონალურ მოძრაობასთანო”, ეს ასე იშიფრება: ვითანამშრომლებ მელიასთან და არა სააკაშვილთანო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მელია სააკაშვილის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ის შეიძლება მართლაც იქცეს ზეპარტიულ ლიდერად. ციხიდან გამოსული მელიას საუბარს თუ დავაკვირდებით, მან სცადა არავინ გაელანძღა, ყოფილიყო მაქსიმალურად კორექტული. ის ცდილობს მართლაც წარმოჩნდეს როგორც საერთო-ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჭკუას ჰკითხავენ. ამ როლს ის ჯერჯერობით კარგად თამაშობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მას ამგვარი ლიდერის სტატუსის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება სააკაშვილთან დაპირისპირების გარეშე.

უნდა ითქვას ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერთა რიგმა ქმედებებმა მელია უხერხულ ვითარებაში ჩააგდო ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას. მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა არც ციხეში ჩაჯდომა და არც თავდაპირველად გირაოს გადახდაზე უარის თქმა. ის ოპოზიციური დღის წესრიგით იქცეოდა ასე, საბოლოოდ კი ოპოზიციის ლიდერები თავის პოზიციებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების კარნახით ისე იცვლიდნენ, რომ მელია აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა.

საბოლოოდ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის, ხელისუფლებამ ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ შეგვიძლია დასავლელი პარტნიორების გარეშე.

ჩემთვის, მაგალითად, ძალიან მძიმე იყო იმ ფირის ნახვა, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ორბელიანების სასახლეში დამნაშავეებივით იდგნენ შარლ მიშელის წინაშე.

იქ ყველაზე ღირსეულად ქვეყნის პრეზიდენტი ჩანდა. სახელმწიფოს თავმოყვარეობა იმაში მდგომარეობს, რამდენად დამოუკიდებელია ის გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენმა პოლიტიკოსებმა კი ქვეყანას ამის საშუალება წაართვეს.

თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, სასტიკ მარცხს იწვნევენ. ისედაც ნიჰილისტურად არის განწყობილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური სპექტრის მიმართ და დაქსაქსული ოპოზიციის მიმართ რა დამოკიდებულება ექნება ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს, წარმომიდგენია. მით უფრო, რომ მალე ახალი მოთამაშეები შემოდიან ოპოზიციურ ფლანგზე. ვგულისხმობ, გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის პარტიებს”, – განაცხადა არეშიძემ.

მამუკა არეშიძემ ,,ქართულ ოცნებაში” არსებულ რეალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი რიგზე ვერაა.

,,ის, რომ “ქართულ ოცნებაში” ყველაფერი რიგზე ვერ არის, აშკარად ჩანს, კახი კახიშვილზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო ვერტიკალიდან გასვლას სერიოზული მიზეზისა და დიდი წყენის გარეშე გადაწყვეტდა, რადგან ძალიან ერთგული ადამიანია. კობახიძემ კი განაცხადა, კახიშვილს ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ და უარი თქვაო, მაგრამ გააჩნია, რომელი კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზეს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე ცხადია უარს იტყოდა, რადგან ის არ არის ის ადამიანი, ვინც თანამდებობის გამო ყველაფერზე თანახმა იქნება. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პარტიიდან, ფუნქციები მოიშალა და ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს, ვერ გაიგებ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლება საერთოდ არ არის.
რაც შეეხება დაპირისპირებას “ქართულ ოცნებაში” და პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებს, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ყრილობა იქნება და იქ გაირკვევა ყველაფერი. მათ, ვინც განსაკუთრებით ამღვრევენ “ოცნებაში” წყალს და ცდილობენ ძლიერი ფიგურების მოშორებას, ფაქტია, ამ ფიგურების გარეშე წარმატების მიღწევის შნო არა აქვთ.

კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ რადგან ახსენეთ კალაძე, მოდი, მასზეც ვთქვათ ორი სიტყვა. აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან სურს მისი პარტიიდან გარიყვა, მაგრამ კალაძის წასვლა ასე იოლი არ იქნება “ქართული ოცნებისთვის”, რადგან ის არის პოლიტიკური ფიგურა და როცა აღარ იქნება თბილისის მერი, მაინც დარჩება გავლენიან კახა კალაძედ, მაგრამ ისინი, ვინც მას ებრძვიან, როგორც კი აღარ იქნებიან ამა თუ იმ თანამდებობაზე, იმ წუთიდან დაკარგავენ ყოველგვარ გავლენას და ფასს. კალაძეს აქვს უკვე პოლიტიკური ბიოგრაფია. როგორც მერმაც თავი გამოიჩინა. დედაქალაქში გარდამტეხი პროცესები შეიძლება, მისი მერობისას არ ყოფილა, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა, მით უფრო, ამ პანდემიის დროს.
სიმართლე გითხრათ, პარტიაში ახლანდელ პოლიტიკურ შემადგენლობას რომ ვუყურებ, კალაძის გარდა, ვერავის ვხედავ ისეთ ფიგურას, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატობის შემთხვევაში წარმატების მიღწევას შეძლებს.

არ ვიცი, შეიძლება არაპოლიტიკური ფიგურა მოძებნონ და საზოგადოებრივი წრიდან დაასახელონ ვინმე, მაგრამ ჯერჯერობით ასეთიც არავინ ჩანს. თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, კიდევ ექნება “ქართული ოცნების” კანდიდატს გამარჯვების შანსი, მაგრამ თუ გაერთიანდება და ის ახალი მოთამაშეებიც ძლიერ კანდიდატებს დააყენებენ, მაშინ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას მოახერხებს მმართველი პარტია”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები