რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილს, რომელსაც უკრაინაში ცუდად აქვს საქმე, რევოლუცია სურს, მაგრამ გამორიცხულია, შედეგს მიაღწიოს

”ვფიქრობ, სტრასბურგში შეტანილი სარჩელის სახელწოდება ზუსტ რეალობას ასახავს – მათი ნაბიჯების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს წინააღმდეგაა გადადგმული”, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს, რომელსაც უკრაინაში ცუდად აქვს საქმე, რევოლუცია სურს, მაგრამ გამორიცხულია, შედეგს მიაღწიოს.

,,დღეს ქვეყანაში სიტუაცია ევროპული სტანდარტების შესაბამისია. როგორ ფიქრობთ, ვინ დარჩებოდა გამარჯვებული, პოლარიზაცია რომ გაგრძელებულიყო და ოპოზიცია ქუჩაში დარჩენილიყო? ეს დაპირისპირებები რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. მიშელი რომ არ ჩარეულიყო, პროცესები რუსული სცენარით განვითარდებოდა. დღეს დასავლეთის ერთადერთ საყრდენად საქართველო რჩება და სწორედ აქ აპირებს პოზიციების გამყარებას.

არაფრად რომ არ გვაგდებდნენ, ევროკავშირის მხრიდან ამხელა ყურადღება იქნებოდა? რუსეთის გავლენით სამოქალაქო ომი და ეთნოკონფლიქტები გადავიტანეთ, ტერიტორიების დავკარგეთ, მაგრამ დასავლეთს რეაქცია არ ჰქონია. საქართველო დასავლეთის ინტერესის სფეროში მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის შემდეგ მოექცა. დღეს ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომაც არის ევროპის მხრიდან ამდენი მცდელობა, რომ საქართველოში სტაბილიზაცია შენარჩუნდეს. ეს რაუნდი დასავლეთმა მოუგო რუსეთს, თუმცა, მისი მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს დესტაბილიზაციის საფრთხე. ორი ვარიანტია – ან გარეთ დარჩენილმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა გააგრძელონ პოლარიზაცია, ან ,,ნაციონალური მოძრაობა” შევიდეს პარლამენტში და იქედან დაიწყოს დაუმორჩილებლობა, თუმცა, აქვე შეიძლება ითქვას, რომ ეს რუსული თამაში იქნება.

სააკაშვილს, რომელსაც უკრაინაში ცუდად აქვს საქმე, რევოლუცია სურს, მაგრამ გამორიცხულია, შედეგს მიაღწიოს. ის ადამიანები, ვისთვისაც პრინციპულად მიუღებელია მისი ხელისუფლებაში მოსვლა, თვითონ ჩაებმებიან ბრძოლაში და შეიძლება, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.

გასაგებია, რომ ნიკა მელიას პრეტენზია აქვს, ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი იყოს, მაგრამ მეეჭვება, სააკაშვილი დაჩრდილოს. სააკაშვილი მელიაზე გაცილებით ქარიზმატულია და თაყვანისმცემელთა სერიოზული არმია ჰყავს. ნაციონალური სულისკვეთების მქონე პარტიებმა, ვინც უარი თქვა სააკაშვილზე, ყველა 3 პროცენტზე დავიდა. გარდა ამისა, საეჭვოა, გმირის მანტია მოისხას ადამიანმა, რომლის გამოსახსნელი თანხაც ევროპელებმა გადაიხადეს. თვითონ ნიკა მელიას მამამაც აღნიშნა – ევროპის მათხოვრები არ ვართო. თუკი გირაოთი გამოსვლას აპირებდა, შეეკრიბა ან თვითონ დაედო ფული, რა საჭირო იყო ევროპელებისთვის თანხის გადახდევინება?!

ვფიქრობ, სტრასბურგში შეტანილი სარჩელის სახელწოდება ზუსტ რეალობას ასახავს. მათი ნაბიჯების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს წინააღმდეგაა გადადგმული. ისე კი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ,,ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა. გეგმა – დასავლეთისთვის ეჩვენებინათ, რომ ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტის და დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს – ჩაუვარდათ, თუმცა, ეს არ არის ,,ქართული ოცნების” გამარჯვება”. სახელისუფლებო პარტიას წინ რთული გამოცდები ელის,” – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები