კახეთში ყინვამ ღვინის ბოცები გაყინა
ძლიერი ყინვის გამო კახეთში მოსახლეობას სარდაფებში შენახული ღვინის ბოცები გაეყინა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, კახეთში ასეთი ძლიერი ყინვები ბოლო რამდენიმე წელია არ ყოფილა.
ტემპერატურის მკვეთრი კლება ფერმერებსაც საფრთხეს უქმნის. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ყინვამ მრავალწლიანი კულტურული ნარგავები დააზიანოს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ვაზის ნერგები -14 გრადუსამდე არ იყინება, ხოლო თუ ტემპერატურის ვარდნა კიდევ გაგრძელდება, მაშინ შესაძლებელია ვაზიც გაიყინოს.
აგროექსპერტის ვანო ხეთერელის განმარტებით, მრავალწლიანი კულტურები ყინვას -17 გრადუსამდე უძლებენ. უფრო დაბალი ტემპერატურა კი საფრთხეს, როგორც ვაზს, ისე სხვა კულტურებსაც შეუქმნის.
ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ და ცივმა ამინდმა გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემაც შეუქმნა. ყინვის გამო სასმელი წყლის სისტემის მილები გაიყინა და გურჯაანელების უმრავლესობას წყალი აღარ მიეწოდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურჯაანის სამსახურში ამბობენ, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით გამოძახებები გაიზარდა. ყინვამ პრობლემები თელავსაც შეუქმნა.