გიორგი ცუცქირიძე – ექსპორტის ზრდაზე: ყველა კითხვაზე, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი ანტიკრიზისული მენეჯმენტი, პასუხი გაცემულია
„მარტ-აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის სარეკორდი ზრდა, გარდა იმისა, რომ პანდემიური პერიოდის სწორ სამთავრობო ეკონომიკურ სტრატეგიაზე მიუთითებს, ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების ეფექტიანობასაც აჩვენებს,“ – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი საპროგნოზო მაჩვენებელსაც კი აღემატება. უკვე მარტში იანვრის 11% – იანი ვარდნის შემდეგ ჩანდა, რომ ეკონომიკა დაიძრა, როდესაც ზრდამ 4 % შეადგინა.
„შარშანდელი გლობალური შოკიდან და წლიური 6 %-იანი ვარდნიდან გამომდინარე, ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის პროცესზე ნათლად მიანიშნებს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, ექსპორტის უპრეცედენტო ზრდაც. კერძოდ, თუ მარტში ექსპორტის ზრდამ 30 პროცენტი შეადგინა, აპრილში წინა წელთან შედარებით ექსპორტის ზრდის ტემპი გაორმაგდა და 70.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მოცულობამ, ასევე, ბოლო წლების სარეკორდო- 378.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 21.6 პროცენტით აღემატება, 2019 წლის ანუ პანდემიის პერიოდამდე აპრილის მაჩვენებელსაც კი.
ნიშანდობლივია, რომ წლის დასაწყისიდან ექსპორტი გაიზარდა იანვარ-აპრილში 19.6 პროცენტით, ხოლო სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.
რაც მთავარია, ექსპორტის მაღალი ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება პოზიტიურად აისახება აპრილის თვის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზეც და სულ მინიმუმ 7 პროცენტი იქნება.
ეკონომიკის გაზრდილი აქტივობა ასევე დადებითად აისახება ზრდის კუმულატიურ მაჩვენებელზე და, სავარაუდოდ, მარტის – 4 % დან -1.7 % მდე შემცირდება, ხოლო უკვე მაისში კუმულატიური ზრდის სიდიდეც ასევე დადებით მაჩვენებელზე გავა. და ვფიქრობ, ყველა კითხვაზე, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი ანტიკრიზისული მენეჯმენტი, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა არ აკლდა, პასუხიც გაცემულია.
მარტ-აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის სარეკორდი ზრდა, გარდა იმისა, რომ პანდემიური პერიოდის სწორ სამთავრობო ეკონომიკურ სტრატეგიაზე მიუთითებს, ასევე, აჩვენებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების ეფექტიანობასაც, რომლის დაფინანსება პანდემიურ პერიოდშიც კი არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. როგორც “აწარმოე საქართველოს” გაზრდილი ინდუსტრიული კომპონენტის, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიდით მხარდაჭერილ აგრო ინდუსტრიის ზრდის თვალსაზრისითაც.
უკვე მეორე კვარტალში, ეკონომიკის ზრდის შეუქცევადი ტენდენცია და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ვაქცინაციის ტემპების აკრეფასთან ერთად, პოზიტიურად აისახება წლიურ ზრდაზე, დასაქმების მაჩვენებელზე და სავალუტო კურსზე მთლიანობაში“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.