მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას მისი მშვიდობიანი მოსახლეობა, რეაგირება უნდა იყოს პროპორციული – ჟოზეფ ბორელი

უნდა დასრულდეს მწვავე ესკალაცია ისრაელსა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, მათ შორის ძალადობის სერიოზული ზრდა ღაზასა და მის გარშემო – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი კომისარის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის სპეციალურ განცხადებაში.

„ევროკავშირი შეშფოთებულია დიდი ოდენობით სამოქალაქო პირთა, მათ შორის ბავშვების, დაშავებისა და დაღუპვის გამო.

პრიორიტეტი სამოქალაქო პირების დაცვა უნდა იყოს. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და დეესკალაციის მხარდაჭერისკენ. დაუშვებელია რაკეტების ქაოტური გაშვება „ჰამასისა“ და სხვა ჯგუფების მხრიდან ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას მისი მშვიდობიანი მოსახლეობა, მისი მხრიდან რეაგირება უნდა იყოს პროპორციული და ძალების გამოყენებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს ფართო კონფლიქტი, რომელიც, პირველ რიგში, გავლენას მოახდენს ორივე მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე. იერუსალიმში პატივი უნდა სცენ სტატუს – ქვოს წმინდა სალოცავებში და გარანტირებული იყოს ლოცვის თავისუფლება“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები