ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში რუმინეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ისაუბრეს პარლამენტის მიერ მიღებულ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ” რეზოლუციაზე, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხება. მხარეებმა ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით საქართველოს გეგმა გააცნო. ელჩმა აღნიშნა, რომ რუმინეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას და, ასევე, სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები და არსებული გამოწვევები, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები.