ნორვეგიის სამთავრობო კომისიამ ქვეყანაში AstraZeneca-სა და Johnson-ის ვაქცინებით აცრის აკრძალვის რეკომენდაცია გასცა

ნორვეგიის სამთავრობო კომისიის დასკვნით, ქვეყანამ AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებით მოსახლეობის აცრა უნდა აკრძალოს იშვიათი, მაგრამ მავნე გვერდითი ეფექტების გამო.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ნორვეგიამ AstraZeneca-ს პრეპარატის განაწილება 11 მარტს მას შემდეგ შეაჩერა, რაც ახალგაზრდა ვაქცინირებულები საავადმყოფოში მოათავსეს თრომბების, სისხლდენისა და თრომბოციტების დაბალი რაოდენობის გამო, მათი ნაწილი მოგვიანებით გარდაიცვალა.

15 აპრილს ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინაზე საერთოდ უნდა ითქვას უარი, მაგრამ მთავრობამ კომისიას დამატებითი რჩევით მიმართა. გარდა ამისა, მთავრობა დაინტერესდა Johnson & Johnson-ის პრეპარატითაც, რომელიც ნორვეგიაში ჯერ არ ყოფილა გამოყენებული მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინამ მედიკამენტების ევროპული სააგენტოს გამოყენების ნებართვა მიიღო.

სამთავრობო კომისიამ რეკომენდაციების გაცემის დროს თქვა, რომ ქვეყანაში თრომბის 8 შემთხვევა უკავშირდება AstraZeneca-ს, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

”დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ვაქცინაციის ეროვნული სქემისადმი ნდობის შენარჩუნებას, რომ მომდევნო წლებში მოსახლეობაში იმუნიტეტი დამყარდეს,” – ნათქვამია რეკომენდაციაში.

იგივე ითქვა “ჯონსონის” პრეპარატზე. ნორვეგიის მთავრობას აღნიშნულ ვაქცინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

დღესდღეობით ქვეყანაში იმუნიზაცია Moderna-სა და Pfizer-ის პრეპარატებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები