აღმოსავლეთ იერუსალიმში დაშავებულთა რიცხვმა 305-ს გადააჭარბა – რა ვითარებაა ადგილზე

აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 305-ს აჭარბებს, – იტყობინება რადიოსადგური Saut Al-Aqsa, რომელიც “წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის” წარმომადგენელს ეყრდნობა.

მათივე მონაცემით, 228 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

ამასთანავე, როგორც მედიას ისრაელის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მიხაელ ზინგერმანმა განუცხადა, ტაძრის მთაზე ვითარება ნორმალიზებულია.

მისი ინფორმაციით, შეტაკების დროს ასევე 9 ისრაელელი ძალოვანი დაშავდა.

ზინგერმანის თქმით, დილის საათებში პალესტინელები მუგრაბის ღობეს ქვებს ესროდნენ, რომელიც “გოდების კედელთან” მდებარეობს.

“პოლიციის გენერალურმა ინსპექტორმა გადაწყვიტა პოლიციის ძალების ტაძრის მთაზე მიყვანა და იქ წესრიგის აღდგენა. ამისთვის სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ამ მოვლენების შედეგად, ცხრა პოლიციელი დაშავდა, ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ამ დროისთვის ადგილზე წესრიგი დამყარებულია, სიტუაცია ნორმალურია, გენერალური ინსპექტორის გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერდა ტაძრის მთაზე ებრაელების შეშვება”, – თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე პოლიციელები რჩებიან, აგრძელებენ რაიონის პატრულირებასა და ვითარებაზე დაკვირვებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები