სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ავსტრიის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მალხაზ თორია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთობები განიხილეს, იგეგმება სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ავსტრიის ერთ-ერთ რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობებს, განიხილეს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

სახელმწიფო რწმუნებულმა მშვიდობის დარგში ავსტრიელი ნობელიანტი ქალის – ბერტა ფონ ზუტნერის როლზე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ასევე, ყურადღება გაამახვილა სამეგრელოში მის მოღვაწეობაზე.

მხარეებმა საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, ასევე, შეეხნენ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი – გიორგი შენგელია და ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის დამფუძნებელი, სალომე ადამია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები