News.ru: ქართულ ღვინოს რუსული ბაზრის 2,43 პროცენტი უჭირავს
მიხედავად იმისა, რომ “როსპოტრებნადზორის” ყოფილი უფროსი, გენადი ონიშენკო წინასწარმეტყველებდა, რომ ქართული ღვინის წილი რუსულ ბაზარზე 1%-ზე მეტი არ იქნებოდა, “ხვანჭკარამ” და “ქინძმარაულმა” რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთანავე ადრინდელი მოცულობის ღვინის შეტანა შეძლეს,- ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო “ნიუსრუ” წერს.
სააგენტოს განცხადებით, ქართული მხარის პროგნოზი უფრო ოპტიმისტური იყო. მათივე თქმით, ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ წლის ბოლომდე ქართველი ღვინის მწარმოებლები რუსულ ბაზაზრზე 10 მილიონი ბოთლი ღვინის შეტანას შეძლებდნენ.
ემბარგოს მოხსნიდან 6 თვეში რუსულ ბაზარზე 14,79 მილიონი ლიტრი (21 მილიონ ბოთლზე მეტი) ქართული ღვინო შევიდა და რუსულ ბაზარზე ღვინის მიმწოდებელთა ათეულშიც მოხვდა. რუსეთის საბაჟო სამსახურის განცხადებით რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ამ დროისთვის, ქართული ღვინის წილი 5,45%-ს შეადგენს, რაც რუსეთის მთლიანი ღვინის ბაზრის 2,43%-ია. როგორც რუსული მედია აღნიშნავს, რუსეთის ემბარგომდე ქართული ღვინის წილი რუსეთის ბაზარზე 5% შეადგენდა და იმპორტის მოცულობა 52 მილიონი ბოთლი იყო. დღეისათვის რუსეთში ღვინის იმპორტს 20 ქართული კომპანია აწარმოებს.