“იქნებ, “ქართული ოცნების” დღევანდელ ლიდერებს ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა გახმაურება პრეზიდენტს ადვილად დამყოლს გახდის?” – ვახტანგ ძაბირაძე

“ველოდი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა აუცილებლობას არ წარმოადგენდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

“ველოდი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. მოლოდინი უპირველესად იმ ფაქტორს ეფუძნებოდა, რომ დღეს სამართალდამცავებსა და ოპოზიციას შორის კატასტროფულად დიდი უნდობლობაა. მეგონა, პრეზიდენტი ამას გაითვალისწინებდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ეს ნამდვილად არ მოუტანს ხეირს არც ხელისუფლებას და არც ქვეყანას! პირიქით, უფრო გაართულებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობას. პრეზიდენტს ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას “ქართული ოცნების” მორჩილად თვლის.

ქალბატონ ზურაბიშვილს ვეტოს უფ­ლება რომ გამოეყენებინა, წელგამართული იქნებოდა ოპოზიციის წინაშე და მეტი ნდობით ისარგებლებდა. თუ ხვალ ისევ გართულდება ვითარება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩვენ ისევ არ გვეყოლება მათ შორის მომლაპარაკებელი, ნეიტრალური ფიგურა და ისევ დანიელსონისა და მიშელის დახმარება დაგვჭირდება. ეს კი თავმოყვარე პოლიტიკოსებს, სულ ცოტა, უხერხულობას უნდა უქმნიდეს. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს აუცილებლად უნდა გამოეყენებინა ვეტოს უფლება, რადგან არ გამოიყენა, ესე იგი, შესაბამისი მითითება მიიღო.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილი მხოლოდ ივანიშვილის მადლიერი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში სამთავრობო გუნდის მხარდაჭერის გამო და მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ თავისი რეალური ფუნქციის შესრულებას­ დაიწყებდა. ისიც მეგონა, რომ გაითვალისწინებდა ამ კანონთან დაკავშირებულ აშშ-ის საელჩოს მკაცრ შენიშვნებს. შეგახსენებთ, რომ ელჩმა ამ კანონს პირდაპირ არასაჭირო და უსარგებლო უწოდა. არც ვიცი, რა ვთქვა, იქნებ “ქართული ოცნების” დღევანდელ ლიდერებს ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა გახმაურება პრეზიდენტს ადვილად დამყოლს გახდის? ვერ დავიჩემებ, თუმცა ამის ფიქრის საფუძველი მაქვს.

ვერ მოვისმინე რეალური არგუმენტი,­ თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი კანონი. თუმცა პრობლემას კანონზე მეტად საზოგადოებისადმი მიდგომაში ვხედავ.

როდესაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კანონს ასე დაჩქარებულად, ოპოზიციასთან განხილვის გარეშე იღებ, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ გვეუბნები, არ მაინტერესებს თქვენი აზრი, მე მაქვს უმრავლესობა და რასაც მინდა, იმას ვიზამო.

30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება­ ცდილობდა ისეთი კანონების მიღებას, რომლებითაც ოპოზიციურად განწყობილი­ საზოგადოების გამოხატვის უფლებას შეზღუდავდა. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს მიიღეს კანონი, რომ საპროტესტო აქციები უნდა ჩატარებულიყო მხოლოდ იპოდრომზე. პირველი ორი აქცია­ მართლაც იპოდრომზე ჩატარდა, მესამე ჯერზე ეროვნული მოძრაობის აქციამ რუსთაველის პროსპექტი მთლიანად დაიკავა.

როდესაც ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერას კარგავს, შემზღუდავი კანონები ვეღარ მუშაობს. თუ აქტივისტს ათდღიანი პატიმრობის არ ეშინია, 15-დღიანის რატომ შეეშინდება? “ნაციონალებმაც” მიიღეს კანონი, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები 50 მეტრით არ უნდა მიახლოებოდნენ ადმინისტრაციულ შენობებს. 2012 წელს ვინ ზომავდა 50 მეტრს? ასეთი კანონები საბოლოოდ ისევ ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. – 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულებმა გაავრცელეს განცხადება, რომ პრინციპულად არ ეთანხმებიან როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტებს.

საინტერესოა, რატომ დათანხმდა ევროკავშირის გირაოს? თუ გირაოთი გამოსვლა სურდა, თავად ვერ გადაიხდიდა? საქმე ის არის, რომ “ნაციონალებს” სურთ ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს მელია ევროკავშირმა გამოიხსნა და ამნისტიის კანონი საჭირო აღარ არის. “ნაციონალები” ვითარების შელამაზებას ცდილობენ, სინამდვილეში ევროკავშირმა ჩვეულებრივი გირაო გადაიხადა.

არ გამოვრიცხავ, რომ ციხეში ჯდომის თაობაზე სააკაშვილსა და მელიას შორის კონსულტაციები გაიმართა, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ყველაფერი ექსპრეზიდენტის სურვილის მიხედვით წყდებოდეს. რეალობა ასეთია – მელია უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, თუ “ნაცმოძრაობის” ინიცირებული კანონპროექტი გავა. იქ არის ჩანაწერი, რომ ბრალდებულს უფლება აქვს უარი თქვას ამნისტიაზე.

ნიკა მელიას ყველა “ნაცმოძრაობის” ლიდერად აღიქვამს. რა შეიცვლება ვაშაძისთვის, თუ მელია არ იქნება ამ პარტიის ლიდერი, მაგრამ იქნება ამ პოლიტიკური ჯგუფის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი? ნიკა მელიას ოპოზიცია დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსით დაუჭერს მხარს მერობის კანდიდატად თუ “ნაცმოძრაობის” ლიდერის სტატუსით, სულერთია, ამომრჩეველი მას მაინც “ნაციონალ” ლიდერად აღიქვამს. რაც შეეხება ვერსიას მელიასა და სააკაშვილის ხაზის დაპირისპირების თაობაზე, რაც უნდა ეცადოს მელია იმის წარმოჩენას, რომ “ნაცმოძრაობის” რეალური ლიდერი თავად არის და არა სააკაშვილი, ვერაფერს გახდება. “ნაცმოძრაობის” ხმების 90% სააკაშვილს ეკუთვნის. ხვალ ეს პარტია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, პრემიერი სააკაშვილი გახდება.

არა მგონია, ვასაძის შემოსვლამ პოლიტიკურ ან ელექტორალურ სპექტრში გადაჯგუფება გამოიწვიოს. გასაგებია, რომ შეარჩია ისეთი დრო, როდესაც არის ელექტორალური სეგმენტი მესამე ძალისთვის, მაგრამ მეეჭვება სასურველი შედეგი მიიღოს, რადგან ის დიდად არ განსხვავდება იმ ჯგუფებისგან, რომელთაც საზოგადოება პრორუსულ ძალად აღიქვამს. მისგან განსხვავებით, გახარიას ნამდვილად აქვს პოლიტიკური კაპიტალი, თუმცა ძალიან აგვიანებს პარტიული სტრუქტურის შექმნას. ისიც ძნელი სათქმელია, უნდა იყაროს თუ არა კენჭი მერის არჩევნებზე, რადგან საარჩევნო გარემო დაძაბული და კონკურენტუნარიანი იქნება. გასათვალისწინებელია კახა კალაძის ფაქტორიც, რომელსაც ასევე დიდი რესურსი და “ოცნების” მძლავრი მხარდაჭერა ექნება. ყოველივედან გამომდინარე, ვასაძეზე ლაპარაკიც არ ღირს, გახარიას საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კითხვის ნიშნებია მესამე პოლიტიკურ ძალაზეც, რომელზეც ვაშაძე ლაპარაკობს.

ოპოზიცია თავის ამომრჩეველს არწმუნებს, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს. არადა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, “ოცნება” 43%-ს აიღებს. ოპოზიციას გაუჭირდება მმართველი გუნდის მოგებასთან შეგუება და ხელისუფლება მზად უნდა იყოს ახალი პროტესტისთვის. იმისთვის, რომ უსამართლობის განცდა და პროტესტის საბაბი არ გაჩნდეს, ყველაფერი უნდა გააკეთოს არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში შევრცხვებით დასავლელ პარტნიორებთან”,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები