ხათუნა ხოფერია: ქართველი კაცი არასოდეს გამოვა ქუჩაში შიმშილისა და სოციალური პრობლემების გამო, მაგრამ ის აუცილებლად გამოვა ქუჩაში, როდესაც მიხვდება, რომ სამშობლოს ღირსება აჰყარეს
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აფასებს.
ხოფერია ინტერვიუში საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა.
“როდესაც ხელისუფლებამ ივერი მელაშვილი ციხიდან გირაოთი გამოუშვა, არგუმენტად მოიყვანეს, რაღა უნდა დააშავოს, საბუთებთან წვდომა აღარ აქვს, საქმესაც ჩამოაშორესო… არადა, თურმე კიდევ შეუძლია, დააშავოს, თუნდაც პროვოკაცია მოაწყოს, შექმნას კონფლიქტი და ცხოვრება დაუნგრიოს ადამიანებს, წარმოგიდგენიათ, პირი, რომელსაც უმძიმესი ბრალდება აქვს წაყენებული – სამშობლოს ღალატი, იმ ტერიტორიაზე ჩადის, რომელზეც განაცხადა, საქართველოს შემადგენლობაში არ შედისო და როგორ გგონიათ კარგად დახვდებოდნენ?! ეს ადამიანი საზოგადოების მხრიდან გაკიცხულია. სადაც არ უნდა მივიდეს, ყველგან სახეში შეაფურთხებენ. ცხადია, მის იქ გამოჩენასაც მოჰყვებოდა გამწარებული ხალხის პროტესტი, მაგრამ მისი და მის უკან მდგომი ძალების მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გამოეწვიათ სასულიერო პირები და ჩრდილი მიეყენებინათ ბერებისათვის. კიდევ ერთხელ ვამბობ – ივერი მელაშვილი არის საქართველოს ჩამოყალიბებული მტერი და ის ამდენს ვერ უნდა ბედავდეს. შეიძლება ასეთი ადამიანები ქუჩაში თავისუფლად დადიოდნენ და ვახო სანაიას მოდელირებული ჩხუბის გამო სამი ახალგაზრდა ციხეში იჯდეს? ამაზე მეტს დააშავებენ რამეს? მით უმეტეს, ერთ-ერთი მათგანი მძიმე ავადმყოფია. თუ მელაშვილის ,,ნაცია,, და ყველაფერი ეპატიება, ისევე როგორც ,,განაცებულ,, სანაიას?!
ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ვიგინდარა სააკაშვილი მართავს ქვეყანას! საქართველო თავლაფდასხმულია! ხელისუფლება პირდაფჩენილი ლოქოსავით არის მიშტერებული ვიღაცებზე.
რაში გამოიხატება კრიზისის თავიდან აცილება, იმაში, რომ ნიფხავჩახდილი ქალივით დაუწვა “ნაციონალურ მოძრაობას” და ისეთ დოკუმენტზე მოაწერა ხელი, რომელსაც ვერასოდეს შეეგუება ნორმალური ქართველი!
დოკუმენტი იწყება ჩანაწერით, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად ციხიდან უნდა იქნენ გამოშვებული 20 ივნისის დამნაშავეებიო. თურმე, მთელი უბედურება ყოფილა დამნაშავე მელიასა და რურუას ციხეში ყოფნა.
პარლამენტში გამარჯვებულმა ძალამ დამარცხებულ ოპოზიციას 5 წამყვანი კომიტეტი უნდა უბოძოს. რატომ? სად არის ლოგიკა? თუ გაიმარჯვე, ე.ი. პოლიტიკურად პასუხისმგებელი ხარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. შესაბამისად, ქვეყნის კანონითა და კონსტიტუციით ხელისუფლება უნდა დააკომპლექტო.
გამოდის, ამ პასუხისმგებლობას უნაწილებ დამარცხებულ პოლიტიკურ ძალებს – საქართველოს მტრებს, რომლებიც ხალხს არ აურჩევია? ვინ უნდა გაკადროს და გაგიბედოს ასეთი რამ?
ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის არევასა და დამხობას ცდილობს ვალდებულებები აქვს აღებული. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში 10 მილიარდზე მეტი შემოვიდა ლიბერალური ღირებულებების დასამკვიდრებლად, ქართული ავტოკეფალიისა და განათლების სისტემის დასანგრევად, პატრიარქის დისკრედიტირებისთვის… ამიტომაც არის ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელი. ამიტომაც აღარ არსებობს მათთვის სამშობლო.
ჩვენ კავკასიაში უკვე არავინ აღარაფერს გვეკითხება. რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ამერიკა ევროპა საკითხებს ისე წყვეტს, თითქოს არც ვარსებობთ. ფაქტი სახეზეა – ჩამოვიდა ვიღაც მიშელი, თვითონ დაჯდა, ესენი – პრეზიდენტის თამადობით – დასჯილი მოწაფეებივით ფეხზე დააყენა და ისე მოაწერინა ხელი საქართველოს გაუპატიურების აქტზე.
სამწუხაროდ, არც მჯეროდა, რომ სისხლიანი რეჟიმი გასამართლდებოდა და ქართული სახელმწიფო აღორძინდებოდა, მაგრამ…
დიახ, ქართველი ხალხი ვერ იზეიმებს მკვლელი რურუას ქართულ სახელმწიფოსთან გათანაბრებას. ქართველი კაცი ვერ იქნება გამარჯვებული, რომელსაც კანონსა და კონსტიტუციას გაუბახებენ. რომლის არჩეულ პარლამენტსაც ნიფხავჩახდილს მიაყენებენ დოკუმენტზე ხელმოსაწერად.
ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა და შანსი, იხსნას ქართველი ხალხი და ხელისუფლება სირცხვილისგან – ხელში აიღოს ქვეყნის პოლიტიკური მართვა და მაჯაში გადატეხოს პატრიარქზე მოქნეული მუშტი, თუმცა ამისთვის პოლიტიკურ ძალას უნდა ჩაუდგეს სათავეში და იმ იდეოლოგიის ადამიანებით დააკომპლექტოს, რომელსაც თვითონ წარმოადგენს.
ქართველი კაცი არასოდეს გამოვა ქუჩაში შიმშილისა და სოციალური პრობლემების გამო, მაგრამ ის აუცილებლად გამოვა ქუჩაში, როდესაც მიხვდება, რომ სამშობლოს ღირსება აჰყარეს! მე გამიფრთხილებიხართ”, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.