კულტურის სამინისტრომ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან და მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად  არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ჩამოვა იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი, რომელიც გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის.

“ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც შეხვედრაზე იქნა მიღებული, სწორედ მოცემული ექსპერტისთვის გასაგზავნი დოკუმენტაციის ნუსხის შედგენაა. გელათის სამონასტრო კომპლექსის შესახებ დოკუმენტაცია ექსპერტს საქართველოში ჩამოსვლამდე გაეგზავნება, რათა იგი ამ მასალებს გაეცნოს და საქართველოში ვიზიტისთვის მოემზადოს. 

შეხვედრაზე მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ შეიქმნას სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას მოახდენს.

შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ სხვადასხვა ენებიდან ითარგმნოს და ქართულად გამოიცეს უცხოური, ან ხელახლა გამოიცეს ქართული წიგნები, რომლებიც მოძველებულია ან ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სახელმძღვანელოებად არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის.

დაბოლოს, შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან (რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გელათის საკითხზე მუშაობს) შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია და სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ 6 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები