პენტაგონი უმართავი ჩინური რაკეტის ჩამოგდებას არ აპირებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჩინური უკონტროლო რაკეტ-მზიდის – Long March 5B-ის ჩამოგდებას ამჟამად არ აპირებს.

ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

”ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ახლა მის ჩამოგდებას არ ვაპირებთ”, – თქვა მან.

პენტაგონში ელოდებიან, რომ ნამსხვრევები დედამიწაზე 8-9 მაისს ჩამოვარდება, თუმცა, ჩამოვარდნის ზუსტი ადგილის განსაზღვრა რთულია.

”იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩამოვარდებიან იქ, სადაც არავის ავნებენ”, – თქვა ოსტინმა.

ამავე დროს, მან პეკინი გულგრილობაში დაადანაშაულა და თქვა – ”ვფიქრობ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის, ვინც კოსმოსში ვმოქმედებთ, არის ან უნდა არსებობდეს უსაფრთხო და გააზრებულ რეჟიმში მუშაობის მოთხოვნა”.

რაკეტა სიგრძეში, დაახლოებით, 30 მეტრია, 22 ტონას იწონის და კოსმოსში 29 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება. ის იმდენად დიდია, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას შესაძლოა, მისი სრული წვა და დაშლა არ მოხდეს.

ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ”იგი ატმოსფეროში ხელახლა შევა 8-დან 10 მაისამდე. ამ ორდღიანი პერიოდის განმავლობაში ის მსოფლიოს გარშემო 30-ჯერ იმოგზაურებს. ის მოძრაობს, დაახლოებით, 18 ათასი მილით საათში (დაახლოებით, 29 ათასი კმ საათში). და თუ გათვლაში ერთი საათით შეცდით, მაშინ აღარ გეცოდინებათ, სად შეიძლება, ჩამოვარდეს ის 18 ათასი მილის რადიუსში.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები