ბლინკენი: კორუფცია უკრაინას შიგნიდან ჭამს და ძირს უთხრის დემოკრატიას
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კორუფცია უკრაინას შიგნიდან ჭამს და ძირს უთხრის მის დემოკრატიას.
ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ვირტუალურ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის დროს თქვა.
“ჩვენ ვიცით, რომ კორუფცია, ასე ვთქვათ, ძირს უთხრის უკრაინის დემოკრატიას და ჭამს მას შიგნიდან”, – თქვა დიპლომატმა.
მისი თქმით, დღეს შეხვედრები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის წევრებთან რეფორმების საკითხთან დაკავშირებით.
”მე მაინტერესებს იმის მოსმენა, თუ როგორ შეიძლება, შეერთებული შტატები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორი უკრაინისთვის რეფორმების განხორციელების პროცესში და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი გაკეთება შეგვიძლია უფრო ეფექტურად უკრაინის მხარდაჭერის პროცესში, კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაში”, – თქვა ბლინკენმა.
ბლინკენმა დასძინა, რომ დღეს კიევში გამართულ შეხვედრებზე მან ისაუბრა კორპორატიული მართვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დარწმუნებულიყო, რომ არსებობენ ნამდვილად დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს აკონტროლებენ.
“ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალზე მნიშვნელოვანია უმაღლესი რადას მუშაობის მხარდაჭერა და განმტკიცება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმებზე, რომ ისინი ნამდვილად განხორციელდეს და რომ მოსამართლეები დაინიშნონ გამჭვირვალედ და გაატარონ არა “შიდა ინტერესები”, არამედ – ქვეყნის ინტერესები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეფორმაზეც ვისაუბრეთ, რომ ის უკრაინელების სასარგებლოდ მოქმედებდეს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის შექმნა კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, არამედ – კანონების შესრულების უზრუნველყოფა.
”კარგია კანონები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყოს გამოყენებული იმ მიზნებისთვის, რისთვის იქნა მიღებული”, – აღნიშნა მან.