ბლინკენი: უკრაინაში რეფორმებს ოლიგარქებიც და რუსებიც ეწინააღმდეგებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რეფორმების შემდგომი განვითარებისათვის უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ამის შესახებ მან კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”განვიხილეთ უკრაინის ევროატლანტიკური გზის საკითხები, ასევე, ის სამუშაოები, რასაც ქვეყანა ატარებს რეფორმების ხელშესაწყობად და კორუფციის აღმოსაფხვრელად. ვისაუბრეთ რეფორმებსა და ინსტიტუტების რეფორმირებაზე. ბევრი ძალაა, რომელიც ეწინააღმდეგება რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლას. მათ შორის არიან საგარეო ძალები, როგორიცაა რუსეთი და საშინაო – ოლიგარქები და ძლიერი პიროვნებები, რომლებიც უკანონო მეთოდებით საკუთარ ინტერესებს ატარებენ”, – თქვა ბლინკენმა.
მისი თქმით, ”კორუფციასთან ბრძოლა უკრაინის ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გადამწყვეტი რამ. ასევე, ვისაუბრეთ კორპორაციულ მმართველობაზე, გამჭვირვალობაზე, ანტიკორუფციული ორგანოების მთლიანობასა და დამოუკიდებლობაზე და სასამართლო სისტემის რეფორმაზე”.
ენტონი ბლინკენი უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.