„თოჯინებზე  მუშაობას წარმოსახვით ვიწყებ“ – ხელოვანი, პანდემია და შეჩერებული „Art Doll Tbilisi“, რომლის განახლებასაც მოუთმენლად ელიან

ბავშვობიდან ხატავდა, ძერწავდა, ქმნიდა საინტერესო ფიგურებს,
მისი თოჯინები ფილმების, ზღაპრებისა თუ ლიტერატურულისტორიული გმირები არიან.
ამბობს, რომ თოჯინებს წარმოსახვით ქმნის  და თითოეულ მათგანში პირადი ემოციებია ჩადებული.
მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა, იტალიაში საკმაოდ წარმატებული გამოფენაც ჰქონდა.
მეთოჯინეთა კავშირის ერთერთი დამფუძნებელია, პირველი საერთაშორისო ფესტივალი  – Art Doll Tbilisi  2016 წელს ჩაატარესსულ სამი ფესტივალი გაიმართა, შემდგომ პანდემიამ მოუსწროთ…
„იმედს ვიტოვებ, რომ პანდემიის შემდეგ ისევ ისე დაგვიდგება გვერდით საქართველოს მთავრობა და ხელოვნების ამ დარგს ექნება წინსვლა, როგორც სხვა დანარჩენს“. – მხატვრისა და მეთოჯინის, მაია ალადაშვილის პერსონა.
– მშობლები, ოჯახი… სკოლის პერიოდი…
– ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ბალეტით, ასევე – კლასიკური მუსიკით, ხელოვნებით, ამიტომ გადავწყვეტილი მქონდა, ჩამებარებინა ხელოვნებათმცოდნეობაზე.
მშობლებთან დაკავშირებით გეტყვით მოკლედ, ისინი აღარ არიან ჩემ გვერდით, მაგრამ მათი სითბო და სიყვარული დღემდე მომყვება.

– პირველი თოჯინები…
– როგორც ასეთი, თოჯინების გამოძერწვა კონკრეტულად არც არასდროს დამიწყია, ვინაიდან ყოველთვის ვხატავდი, ვძერწავდი, ვქმნიდი ჩემთვის საინტერესო არტს, იქნებოდა ეს ნივთები, სკულპტურა თუ დიზაინი.
– თქვენი თოჯინები წარმოსახვით იქმნება – ფილმის პერსონაჟები, ზღაპრის გმირები, ისტორიული თოჯინები…
– თოჯინებზე  მუშაობას ვიწყებ წარმოსახვით, იქნება ის ფილმის, ზღაპრისა თუ ლიტერატურულ-ისტორიული გმირი.
ჩემს ყველა თოჯინას თავისი საინტერესო ისტორია აქვს… ისინი ძირითადად რეალური პიროვნებები ან ლიტერატურული გმირები იყვნენ…
– არ გიყვართ თოჯინის გაყიდვა, რადგან პირად ემოციებია ჩადებული და თქვენი სულისმიერია…
– მართლაც, არ მიყვარს ჩემი ნამუშევრების გასხვისება, ვინაიდან ისინი არიან იმ ადამიანების პროტოტიპები, რომლებიც ჩემთვის სამაგალითონი და ძალზე საინტერესონი არიან განვლილი ცხოვრებით. ასევე ვქმნი ტრადიციულ-სადღესასწაულო პერსონაჟებსაც, რომლებიც არანაკლებ მიხალისებენ განწყობას.
– პანდემია და ხელოვნება…
– პანდემია ძალიან დამთრგუნველია და ამიტომ ვცდილობ, მაქსიმალურად დავკავდე ჩემი საყვარელი საქმიანობით.
– მეთოჯინეთა კავშირის დამფუძნებელი ხართ. ორიოდე წლის წინათ თბილისში თოჯინების დიდი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა…
– სხვა ძალიან ნიჭიერ და წარმატებულ მხატვრებთან ერთად  მეთოჯინეთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ.
პირველი საერთაშორისო ფესტივალი – „Art Doll Tbilisi“ ჩატარდა 2016 წელს.  სულ სამი ფესტივალის ჩატარება მოვასწარით და შემდგომ პანდემია შემოგვეწია, რამაც შეაფერხა ყველა და ყველაფერი.  ფესტივალები წარმატებით და დიდი საერთაშორისო გამოხმაურებით მიმდინარეობდა.
რაც ეხება ფესტივალის მნიშვნელობას, ეს არის, პირველ რიგში, მაღალი ხელოვნების დარგი, რომელიც საქართველოში გაუგებარი მიზეზების გამო პრაქტიკულად უგულებელყოფილი იქნა, ევროპისა თუ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც უდიდესი ფესტივალები და აუქციონები ტარდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მხატვარ-მეთოჯინეთა კავშირის სახელით მივმართეთ საქართველოს მთავრობას, კერძოდ,  კულტურის სამინისტროს და ქალაქის მერიას, რის  შედეგადაც მივიღეთ სრული მხარდაჭერა – როგორც ფინანსურად, ასევე მატერიალურად.
არ შემიძლია, ხაზგასმით არ გამოვხატო დიდი მადლიერება ბატონ ზურაბ წერეთლისადმი, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო თავისი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – „Moma“-ს საგამოფენო სივრცე „Art Doll Tbilisi“-ს  ფესტივალების ჩასატარებლად.
მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს შეემატა და დამკვიდრდა ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალი – „Art Doll Tbilisi“.
იმედს ვიტოვებ, რომ პანდემიის შემდეგ ისევ ისე დაგვიდგება გვერდით საქართველოს მთავრობა და ხელოვნების ამ დარგს სხვა დანარჩენივით წინსვლა ექნება.
– სააღდგომოდ საინტერესო აქსესუარები დაამზადეთ…
– რაც შეეხება ჩემს სააღდგომო ნამუშევრებს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის აღდგომას რელიგიური დღესასწაულის გარდა,  ფილოსოფიური დატვრითვა აქვს. ეს ის დღეებია, როდესაც ადამიანი უღრმავდება თავის არსს… სწორედ ამიტომ არის ჩემი სააღდგომო ნამუშევრები განსხვავებული და არა ბაჭიებით და წიწილებით მორთული.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ჩემი მოკრძალებული ხელოვნება. ვქმნი იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს.
– როგორი დამოკიდებულება აქვთ ოჯახის წევრებს თქვენი საქმიანობისადმი. როგორ გიწყობენ ხელს?
– შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ოჯახი მოღვაწეობს და ემსახურება საქართველოს ხელოვნების განვითარებასა და წინსვლას, ამიტომ ჩემს ყველა წამოწყებაში გვერდით მიდგანან.
– სირთულეები…
– სირთულე, რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ ამ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, არაფრად მიმაჩნია.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებზე დღეს რთულია ლაპარაკი, ვინაიდან ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი  მალე ჩაივლის და ყველა ისევ ჩავუდგებით სათავეში ჩვენს საქმიანობას, ახალი შემართებით ბევრ სიკეთეს მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას.
ჩემს შემთხვევაში კი მინდა, რომ კიდევ მრავალი ფესტივალები ვაჩუქოთ ჩვენს ქალაქს, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
დაბოლოს, დამიგროვდა საკმარისი რაოდენობის ნამუშევრები პერსონალური გამოფენისთვის.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები