თენგიზ ცერცვაძე: „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები ითვლება ძალიან უსაფრთხოდ, გვერდითი მოვლენები და სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არაა
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების გამოყენებისას სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„საერთაშორისო მონაცემებით და კლინიკური კვლევებით, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ეფექტიანობა ნაკლებია, ვიდრე სხვა ცნობილი ლიდერი ვაქცინების – „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასი“, რომელთა ეფექტიანობა მძიმე და სასიკვდილო ფორმების პრევენციისთვის 100%-ს აღწევს.
„სინოფარმის“ ეფექტიანობა მძიმე ფორმების საპრევენციოდ აღწევს 79%-ს, ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია, 5-დან 4 კაცს დაიცავს. ეს დაახლოებით ისეთივე დაცვაა, როგორც გრიპის ვაქცინას აქვს. საერთაშორისო სტანდარტით ითვლება, თუ რომელიმე ვაქცინა 50%-ზე მეტით იცავს ვაქცინირებულ ადამიანს, ის უკვე კარგია და მისაღებია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ პირიქითაა, ორივე ვაქცინა – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ძალიან უსაფრთხოდ ითვლება, ჯერ პრაქტიკულად, მათზე გვერდითი მოვლენები, მით უმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ასე რომ, ვინც ჩინური ვაქცინის გამოყენებას გადაწყვეტს, ამ მხრივ შეუძლია მშვიდად იყოს. თუ ვინმეს მაქსიმალური – 100%-იანი ეფექტი უნდა, მან შეიძლება იფიქროს, გაიკეთოს, თუ არა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყება.