გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად ალექსანდრე თევდორაძე დაინიშნა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად ალექსანდრე თევდორაძე დაინიშნა.
ალექსანდრე თევდორაძეს აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2017 წლის იანვრიდან დღემდე იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2013-2017 წლებში იკავებდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებში. იყო იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი.
მანამდე კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ალექსანდრე თევდორაძემ 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის, მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის სპეციალობით. 2005 წელს კი დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. არის ეკონომიკისა და ბიზნესის მაგისტრი.