პროკურორი – მელიას პროცესზე: დაცვის მხარე გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რომელიც დასაბუთებული იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით
პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით უნდა წარმდგარიყო, თუმცა, სხდომაზე მოუმზადებელი გამოცხადდა და სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
„სხდომაზე ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვის წარდგენა. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე, ფაქტობრივად, გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რომელიც დასაბუთებული იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაც ბუნებრივად გვაფიქრებინებს, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურების მცდელობას.
ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ გირაოს პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იყო საქმის განხილვა გირაოს გამოყენების პირობებში. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე ერთ შემთხვევაში არღვევდა კანონს, მეორე შემთხვევაში უარს ამბობდა ამგვარ, უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებაზე, რამაც შექმნა ასეთი მოცემულობა.
ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გამოყენებული იქნა პატიმრობა, რადგან სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას, რაც ძალიან ცხადად იყო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში და საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი“, – განაცხადა პროკურორმა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო.