სემეკ-მა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 4 თვეში 121 725 ლარი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2021 წლის იანვრიდან დღემდე 19 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 146 საკითხი განიხილა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსახილველი საკითხები შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ბოლო 4 თვის განმავლობაში მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ჯამმა 121 725 ლარი შეადგინა.
სემეკ-ში განხილული მოქალაქეთა საჩივრები კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. სემეკ-ი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკ-ის Facebook გვერდზეც, – აღნიშნულია ინფორმაციაში.